ფეხბურთში საქართველოს ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის საამაყოა ის, რომ ქართველია და უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში – საქართველოში დაიბადა. ფეხბურთელის ცხოვრებისეული მიზანია, საქართველომ მისით იამაყოს.
“მინდა ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. ძალიან ვამაყობ, ქართველი რომ ვარ. მადლობა ღმერთს, საქართველოში რომ დავიბადე და უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყნის შვილი ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა საქართველომ ჩემით იამაყოს“, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.
ამბობს, რომ მისი ბავშვობის ოცნება იყო გამხდარიყო ფეხბურთელი, მაგრამ თავდაპირველად ეს ოცნება რეალურად არ მიაჩნდა. როცა საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრო, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დღე, როცა თავადაც გავიდოდა მოედანზე და ტრიბუნაზე მყოფი ბავშვების კუმირი გახდებოდა.
„ვისწავლე, რომ თუ თავდადებული ხარ და მაქსიმუმს აკეთებ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ოცნებები სრულდება და ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის ოცნება აისრულა“, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი FIFA-თან ინტერვიუში.
როგორც ხვიჩა ამბობს, მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ნაპოლისთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ყველა ქართველი ოცნებობს. ვფიქრობ ეს ღირსეული გაგრძელება იქნება იმ ისტორიისა, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩვენამდე მოთამაშე ფეხბურთელებმა დაწერეს. გვინდა, მათ ნაბიჯებს გავყვეთ, მიზანს მივაღწიოთ და საქართველომ ჩვენით იამაყოს“, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.
წყარო: crystalsport.ge