საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გლობალური და რეგიონული პოლიტიკური გათვლების ანალიზისას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის გლობალური გათვლები ზუსტი იყო და პატარა ნავი სახელად – საქართველო სწორი კურსით მიცურავს.
“ბიძინა ივანიშვილს ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს. მისი გლობალური გათვლები ზუსტი იყო, იმედი მაქვს, ახლაც ასეა – სწორად მიდის პატარა ნავი – საქართველო, ამ აბობოქრებული გეოპოლიტიკურ ოკეანეში! ზუსტად იცის იმ რისკებისა თუ სამომავლო პერსპექტივების შესახებ, რაც წინ გველოდება”, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.
დამოუკიდებელი ექსპერტი განიხილავს რა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს, მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ძველებური ურთიერთობა აღარ გვექნება, რაც დადასტურდა ირაკლი კობახიძისთვის ბაიდენთან ოფიციალურ ვახშამზე მიწვევის გაუქმებით.
“მსოფლიო გეოპოლიტიკური არქიტექტონიკა იცვლება და, შესაბამისად, ლიდერები ევროპა და ამერიკა აღარ არიან. ანგლოსაქსების ძლიერება ნაპირზე გამორიყული მედუზასავით დნება! საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ძველებური ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან აღარ გვექნება, მორჩა! ის, რომ დაპატიჟებული სტუმრის ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს, ჩვენს ხელისუფლებას კი არ აკნინებს, აშშ-ს ადმინისტრაციის დეგრადაციის ხარისხზე მიუთითებს… ჩადით ჩინეთში, ცივილიზაცია და ტექნოლოგიური წინსვლები ისეთი უნდა, იქ რომ არის. დასვენების, უსაფრთხოებისა და ინდუსტრიის კუთხით თურქეთია მისაბაძი! რაც შეეხება განათლებას, ამერიკა და ევროპა საზოგადოების ზოგადი განათლებით ჩვენც კი ჩამოგვრჩება. სიტყვის თავისუფლება ასეთი შეზღუდული, რაც დღეს ამერიკასა და ევროპაშია, არასდროს ყოფილა. ადამიანებს განსხვავებული აზრის მოსმენისაც კი ეშინიათ”, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.