ქართველი პოლიტიკოსისა და აკადემიკოსის, გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის გიორგი ბარათელი დაახლოებით ერთი წლის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ მოკლულის შვილმა რუსუდან შარაძემ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. იგი ბარათელს მამამისის მკვლელად არ მიიჩნევს და აცხადებს რომ მკვლელობის მომენტში ბარათელი მელიქიშვილის გამზირზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
“არ ვამბობ, რომ ის იყო ფრთაშესხმული ანგელოზი, თუმცა მძიმე დანაშაული არასდროს ჩაუდენია. რაც მთავარია, მამაჩემი არ მოუკლავს და არც ანგარებით აუღია დანაშაული საკუთარ თავზე, პირიქით, ეწამა ჩემი ოჯახისთვის. ბუნებაში არ არსებობს არც ერთი კადრი მისი ვიდეო თუ აუდიო აღიარების, 2007 წლის 20 მაისიდან ნოემბრამდე იყენებდა დუმილის უფლებას და აქამდე მიკვირს, ესეც როგორ შეძლო. ყოველთვის დავიცავ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე გამართლდეს და მისმა ტანჯულმა სულმა იმქვეყნად მაინც პოვოს მოსვენება“, – აცხადებს რუსუდან შარაძე for.ge-თან ინტერვიუში.
ოფიციალური ვერსიით, 2007 წლის 20 მაისის საღამოს, გიორგი ბარათელი მოსეირნობდა ქუჩაში. შემთხვევით დაინახა გურამ შარაძე, გაახსენდა, რომ მისმა შვილმა შვეიცარიაში აწყენინა და მელიქიშვილის გამზირის N18-თან, პირველივე გასროლით მოკლა და საფეთქელში ორი საკონტროლო ტყვიაც დაახალა. ამის შემდეგ, ოფიციალური ვერსიითვე, ბარათელი გაიქცა შანიძის ქუჩისკენ, პოლიციელები ფეხით გაეკიდნენ და მათ შორის ორმხრივი სროლა ატყდა.
“საქმის ეს მონაკვეთიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ დევნის შემდეგ, საბოლოოდ, 21:05 საათზე, მკვლელობიდან, დაახლოებით, 55 წუთში, ის მრგვალ ბაღთან, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს და დააკავეს.
ფაქტობრივი დაკავების ადგილზე, გიორგი ბარათელს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ „შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით“, ოქმი იქვე არ შეუდგენიათ და არც ბარათელის ჩხრეკა ჩატარებულა, რადგან „ვითარება იყო დაძაბული“, „ასევე ეჭვმიტანილი იყო დაჭრილი და სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი“.
თუმცა, პოლიციელებს 25 წუთი დასჭირდათ, რომ 21:30 საათზე, „დაჭრილი ეჭვიტანილი“ მიეყვანათ არა საავადმყოფოში, არამედ, ძველი თბილისის შსს-ს შენობაში, საიდანაც სასწრაფომ, მხოლოდ, 23.07 საათზე წაიყვანა. როგორც ყოველი ნათქვამი სიტყვა, ესეც დოკუმენტურად შემიძლია დავადასტურო, რომ თითქმის, ორი საათის განმავლობაში, ბარათელი პოლიციას მარტო ჰყავდა სამმართველოში და ექიმი არც გაუკარებიათ”, – აცხადებდ რუსუდან შარაძე.
ვრცლად: Reportiori-ge