leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხაილო კოპოლოვეცი: უკრაინის ნაკრებში კატასტროფული ატმოსფეროა, ტრავმების ეპიდემიაა

ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი მიხაილო კოპოლოვეცი უკრაინულ მედიასთან მათ ეროვნულ ნაკრებში არსებულ განწყობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სერგეი რებროვის გუნდში კატასტროფული ატმოსფეროა.

მისივე თქმით, ფეხბურთელებს მონდომება არ ეტყობათ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რებროვი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლონ.

“არ მინდა დავიჯერო, რომ ხალხს არ სურს უკრაინის ნაკრებში წასვლა, თუმცა მესმის, რომ იქ კატასტროფული ატმოსფეროა, ამიტომ ძნელი სათქმელია. ტრავმების ეპიდემიაა ეროვნულ გუნდში, ხალხი ავად არის, ამიტომ სირცხვილია, რომ ისინი არ დაეხმარებიან ქვეყნის მთავარ გუნდს, მაგრამ რაც მესმის, იქ უარყოფითი ატმოსფეროა, ვფიქრობ, ეს არავისთვის არ არის საიდუმლო.  ფეხბურთელებს მონდომება არ ეტყობათ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მწვრთნელის პოზიციიდან რებროვი გაათავისუფლონ. არ ვიცი რამდენად სწორია ასე მოქცევა”,  – აცხადებს მიხაილო კოპოლოვეცი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩების წინ უკრაინის ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები შეექმნა – ტრავმის ან ავადმყოფობის გამო მომდევნო ორ თამაშს 9 ფეხბურთელი გამოტოვებს.

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა 2024/25 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოსთან მატჩამდე ინსტაგრამზე გუნდის ვარჯიშიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც მიაწერა: მოდით, საქმეს დავუბრუნდეთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ეროვნული ნაკრების ბანაკში ყველას ვხედავ. წინ არის ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ერთა ლიგაზე – ეს სექტემბრის იმედგაცრუებული დასაწყისის გამოსწორების შესაძლებლობა. 

უკრაინელებმა საწყის ორ ტურში ქულის აღება ვერ შეძლეს და როგორც ჩეხეთის, ასევე ალბანეთის ნაკრებებთან წააგეს. გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.

უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ