კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, აწ-გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი ამბობს, რომ დიდი მონდომებით ელოდება ნაციონალების „ნიურნბერგის პროცესს“, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა და მზად არის ამ სასამართლო პროცესზე მოწმის სახითაც გამოვიდეს.
„ვლოცულობ, იმ დღეს მოვესწრო, როცა დამნაშავეებს საბრალდებო სკამზე ვიხილავ. ჯამბულ გამცემლიძესთან ერთად ერთ-ერთი მოწმე მეც ვიქნები იმ ისტორიულ პროცესზე. იქნებ ამიტომაც გამიხანგრძლივა უფალმა სიცოცხლე!“, – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.
მისი აზრით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და ყველას მოუწოდეს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვიდეს!
„კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ დამნაშავეები საბრალდებო სკამებზე ვიხილოთ და ქვეყანამ ამოისუნთქოს, აუცილებელია, „ოცნებამ“ კონსტიტუციური უმრავლესობით გაიმარჯვოს! 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება! ყველას მოვუწოდებ, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვიდეს!“, -აცხადებს სულხან მოლაშვილის მამა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ. ნიურნბერგის პროცესი ელოდება იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა.