leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად, თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, წარადგინოს პროკურატურაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვინაიდან არ აქვს არავითარი ფაქტი, პროკურატურაში მისვლას ვერ გაბედავს

„პროკურატურაში გამოძიება წარიმართება და თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა.

„თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალია, რაც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილს, მიოს დაბარებაზეა საუბარი, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული, ანუ არ შეიძლება, ის ერთვებოდეს საარჩევნო კამპანიაში რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოდ. სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი – ის ადამიანი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ხომ ვერანაირი ფასი და ვერავითარი დატვირთვა ვერ ექნება. კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“ თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს არავითარი ფაქტი, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად აჟღერებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ