top_leaderboard

თეა წულუკიანი ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლებს ესტუმრა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორობის კანდიდატ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლესთან, პიანისტ კიომი სუგიმურასთან, ერთად განაგრძობს სამუსიკო სასწავლებლებში ვიზიტს.

ისინი ამჯერად იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ირინე ლომინაძესთან ერთად ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლასა და ახლად რეაბილიტირებულ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრნენ.

მინისტრი გაეცნო სასწავლებლების სპეციფიკას; მადლობა გადაუხადა №1 სამუსიკო სკოლის დირექტორს, ზანდა კიკვაძეს, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორს, მანანა კიკაბიძესა და პედაგოგებს შრომისა და მაღალი დონის სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. შეხვედრისას თეა წულუკიანმა ისაუბრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და მის ახალ ხელმძღვანელთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და უწყვეტი სამუსიკო განათლების აღდგენის შესაძლებლობებზე.

2023 წელს სამინისტროს კონკურსში – ,,სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა” – გამარჯვების შედეგად ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის როიალისა და ციფრული პიანინოს შესაძენად სამინისტრომ გამოყო 40 000 ლარი.

2022 წელს ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის რამდენიმე სამუსიკო სკოლისთვის, მათ შორის – მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისთვის, იმავე კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიძინა 8100 ლარი ღირებულების 18 სასულე ინსტრუმენტი. მათ შორის – ხუთი კლარნეტი, ხუთი ფლეიტა, ორი საქსოფონი, ორი საყვირი, ორი ტრომბონი, ორი ვალტორნა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები, საგამოფენო სივრცე (მუზეუმი), შეიცვალა სახურავი, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემები. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ სასწავლებელმა კულტურის სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა და თანადაფინანსებით, ქუთაისის მერიასთან ერთად, ახალი საკონცერტო როიალი შეიძინა.

ასევე იხილეთ