ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიტანეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას არ განიხილავს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემის განცხადებით, მისი მთავრობა უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის საკითხს ჯერ არ განიხილავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
“ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ და ვაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას, კერძოდ მათ გაწვრთნას, თუმცა ამავდროულად ჩვენ ჩვენს ადრინდელ პოზიციას ვინარჩუნებთ და არ ვაგზავნით ბრიტანულ ჯარს სამხედრო მოქმედებების ზონაში”, – ციტირებს Politico ლემის.
მისი თქმით, ეს არის ბრიტანეთის პოზიცია და ის უცვლელი დარჩება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაახლეს მსჯელობა იმის შესახებ, გააგზავნონ თუ არა უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები.