თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა აუცილებლად გადატვირთავს თავის პოლიტიკას, რადგან მიხვდება, რომ მისი პოლიტიკა საქართველოში ხელმოცარულია და ის უნდა შეიცვალოს
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსადმი ევროპული პოლიტიკის ცვლილების გარდაუვალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამას მოწმობს ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიბურდანიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ დანაპირები ვერ შეასრულა და პარლამენტს საქმიანობის განხორციელებაში ხელი ვერ შეუშალა, როგორც ამას თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიციის მიზანია მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საგნობრივი დებატები ხელისუფლებასთან მას არც შეუძლია და არც სურს.
„ევროპა აუცილებლად გადატვირთავს თავის პოლიტიკას, განსაკუთრებით ამ დღეების შემდეგ. გუშინდელი დღე იყო ოპოზიციის მხრიდან პროტესტის დაგეგმარების პიკი. გუშინდელ დღეს მათ უნდა მოეწყოთ უზარმაზარი აქცია, რასაც გვპირდებოდნენ და რაც იყო გათვალისწინებული. მაგრამ, პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, მათ ხელი ვერავინ შეუშალა. ეს ოპოზიცია არ არის იმ რანგის, რომ თემატურ, დარგობრივ დებატებში შევიდეს ხელისუფლებასთან და მოუგოს ეს დებატები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული, რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე – მეტზე არაფერზე.
აქედან გამომდინარე, მიხვდება ის დასავლეთი და ალბათ უკვე მიხვდა, რომ ხელმოცარულია მათი პოლიტიკა საქართველოში და ეს პოლიტიკა უნდა შეცვალოს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.