ვახტანგ გომელაური: სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება.
მისივე თქმით, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლებიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
„2018-2024 წლებში სამინისტროს ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: დანაშაულის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის რეგულირება, სერვისების განვითარება, სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება და სხვა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა და უკვე სარგებლობს სამი ახალი შვეულმფრენით, რომელიც მრავალფუნქციურია და სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა, ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, სრულად განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, გრძელდება ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს საზღვრის ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტებმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.