ლევან მახაშვილი მირიამ ლექსმანზე: როგორც ჩანს, არც მას და არც მის ზოგიერთ კოლეგას არ აინტერესებს არც სიმართლე და არც ობიექტურობა
„როგორც ჩანს, არც მას და არც მის ზოგიერთ კოლეგას არ აინტერესებს არც სიმართლე და არც ობიექტურობა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ოდირი ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები სამართლიანი არჩევნებით. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან”.
„სიმართლე ის არის, რომ როგორც ჩანს, არც მას და არც მის ზოგიერთ კოლეგას არ აინტერესებს არც სიმართლე და არც ობიექტურობა ვინაიდან, თუ მხოლოდ სიმართლეზე და ობიექტურობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ ძალიან მკაფიო იყო ეუთო/ოდირი და მისი სადამკვირვებლო მისია, რომელმაც თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია. მათ აქვთ თავიანთი პირადი პოლიტიკური შეხედულებები, ამ ნარატივით ხელმძღვანელობენ და გასაგებია, რომ არც ოდირის და არც სხვა მათი კოლეგების ობიექტური შეფასებები მათთვის არ არის მისაღები”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.