დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: დღეს დილით ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი…
ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი არჩილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ვანდალიზმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას!
სამწუხაროდ, დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მოგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის მხარე) ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი.
ღმერთმა ღირსეულად მოანანიებინოთ ამის ჩამდენთ უფლის ტაძრისა და საკუთარი თავის ასეთი შეურაცხყოფა.
გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა.
ანჩისხატის ტაძარი 1520 წელზე მეტია დგას საქართველოს დედაქალაქში როგორც ჩვენი ხალხისა და დედაეკლესიის გამძლეობის, ერთიანობისა და გამარჯვების მეტყველი სიმბოლო. უფლის მადლით, ტაძარში ისევ გაგრძელდება ლოცვა საერთო მშვიდობისა და ღვთის წინაშე გამართლებისათვის.
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და დედაეკლესია!“ – წერს ტაძრის დეკანოზი.