leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი!

„კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ აუცილებელია, ეს იყოს სამართლიანი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველას მიმართ სამართლიანობა და არა ცალკეული ადამიანების მიმართ ინდულგენციების გაცემა, რადგან ისინი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან”, – ამის შესახებ „რეპორტიორს“ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ბონდო მძინარაშვილი ესაუბრა და აღნიშნა, რომ არავის არ აქვს ინდულგენცია, ვინც უნდა იყოს.

„აბსოლუტურად არავინ, მათ შორის, არც აქციის ორგანიზატორების მხარდამჭერი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტორეპორტიორები არ იყვნენ გაფრთხილებულები, თუ რა ფორმა ექნებოდა აქციას, ფაქტობრივად, ჟურნალისტები დარჩნენ დაუცველები იმ სივრცეში, როდესაც აქციის აგრესიული მონაწილეები იყვნენ დაცულები. ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნები, რასაც უკვე შემდგომ დღეებში ისინი იყენებდნენ. მართლა ყველა ფიქრობდა, რომ ეს აქციები იქნებოდა მშვიდობიანი, როგორიც დღეს არის, როდესაც არც ჩაფხუტები სჭირდებათ ჟურნალისტებს და არც თავის დაცვის სხვადასხვა საშუალებები. ესეც არის ამ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ასევე, მინდა აღვნიშნო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ის, რაც მოხდა გურამ როგავასთან დაკავშირებით, ჩვენ დავინახეთ, რომ თითქმის 15-20 სმ დააკლდა, რომ გურამ როგავა უბრალოდ იმ მომენტში დაღუპულიყო. ის იმ პარაპეტს მთელი ძალით რომ შეხეთქებოდა თავით, რა თქმა უნდა, კისერში გადაიმტვრეოდა. ამიტომ, ასეთ დროს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებსაც სჭირდებათ სერიოზული მომზადება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. მით უფრო, რომ ჟურნალისტი იმ მომენტში მიკროფონით იყო. ასევე, კატასტროფული იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტი. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი სიკვდილს გადაურჩა, ასევე ოპერატორი, რომელსაც წიხლებით შედგნენ. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. თუმცა, ყველას გვესმის, რომ ძალადობრივი აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მსგავსი აქციები ტრაგედიით არ დასრულდეს. ტრაგედიები აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთშიც ხდება, აშშ-შიც და ყველგან, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული ცოდნა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს აქციები, ისევე, როგორც ომის ჟურნალისტიკა არსებობს. ყველა ჟურნალისტი ვალდებულია, აღმნიშვნელი ატრიბუტიკა ჰქონდეს. კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად საუბრობენ და რომელი მოსაზრების გავრცელებასაც აქტიურად უწყობენ ხელს ჟურნალისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართ გარკვეული ინდულგენციები. არავის არ აქვს ინდულგენცია, ვინც უნდა იყოს. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ აუცილებელია, ეს იყოს სამართლიანი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველას მიმართ სამართლიანობა და არა ცალკეული ადამიანების მიმართ ინდულგენციების გაცემა, რადგან ისინი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან.

მისი თქმით, მიუღებელია ჟურნალისტების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების მიერ პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაშუქება.

„არსებობს სტანდარტი, რომ არასრულწლოვანის სახის ჩვენება კადრში არ შეიძლება, თუ არ არის სპეციალური საბავშვო გადაცემა ან სიუჟეტი რომელიმე ბავშვზე. დღეს ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტები დიდი სიამოვნებით აჩვენებენ ტელეეკრანებზე, როდესაც არასრულწლოვანები პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებენ. ეს არის კატასტროფა. ძალადობრივი ხასიათის საპროტესტო აქციებზე სკოლის მოსწავლეების ადგილი არ არის. მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველანი”, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

ასევე იხილეთ