ბონდო მძინარაშვილი: არც ერთ პოლიტიკოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა არ ღირს იმად, რომ ჟურნალისტები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ
„ჩვენ ვხედავთ, ტელევიზიებში როგორ შუქდება პროცესები. აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა, რომ იყო ფაშიზმისა და ბოლშევიზმის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვის, დღეს სრულად არის წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ მედიასაშუალებები, ცალკეული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგის აგიტაციას და მათი მიზნების შესაბამისად გაამრუდონ სიმართლე, დამალონ ნამდვილი ფაქტები”, – ამის შესახებ „რეპორტიორს“ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ბონდო მძინარაშვილმა განუცხადა:
„უპირველესად, საზრუნავია ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი პროფესიის პრესტიჟს და გავიაზროთ ის, რომ ჩვენი პროფესიის უპირველესი ვალდებულებაა, საზოგადოებას მივაწოდოთ მიუკერძოებელი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია ობიექტური ვერ იქნება, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკითხებისადმი სუბიექტური დამოკიდებულება, ამისთვის არსებობს საავტორო გადაცემები, რომელშიც შეუძლია წამყვანს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სტუმართან საუბრისას ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. მაგრამ არსებობს საინფორმაციო გამოშვებები, რომელშიც არ შეიძლება, მხარეები არ წარმოაჩინო და ცალკეულ მხარეს მიანიჭო უპირატესობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსების დამოკიდებულებას ცალკეული ჟურნალისტებისა და წამყვანების მიმართ, დამოკიდებულებას მედიასაშუალებების მიმართ, ვისმენთ განცხადებებს ამა თუ იმ მედიაგამოცემის აკრძალვის, მათთვის მიუღებელი ტელეკომპანიების დახურვის შესახებ, ეს არის კატასტროფა, როდესაც საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს (გნებავთ პოლიტიკოსი იყოს და გნებავთ უბრალოდ ცნობადი სახე) და აცხადებს, რომ მომავალში სასურველი იქნება, მისთვის რომელიმე მედიასაშუალება დაიხუროს. არც ერთი ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ წაადგება საზოგადოებას სასიკეთოდ. არ შეიძლება, ამაზე მედიასაშუალებები თვალს ხუჭავდნენ, თავს იტყუებდნენ, თითქოს არაფერი ხდება. საბოლოო ჯამში ყველანი ვხვდებით, რომ ეს აისახება ჟურნალისტების ურთიერთდამოკიდებულებაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამენეჯერები მათ მიერ დასაქმებულ ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ. ვიღაც დღეს მუშაობს ერთ მედიასაშუალებაში, ვიღაც მეორეში, ხვალ შეიძლება გაცვალონ ადგილები და სხვა მედიასაშუალებაში გადავიდნენ სამუშაოდ, არ შეიძლება ჟურნალისტებს შორის დაპირისპირების შექმნა. ამიტომ, ვთხოვ ჟურნალისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ურთიერთდაპირისპირებისა და ერთმანეთის ლანძღვისგან. არც ერთ პოლიტიკოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა არ ღირს იმად, რომ ჟურნალისტები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ”, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.