leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ჰააგის სასამართლოში რუსეთთან საქართველოს ხელისუფლებამ საქმე წააგო რამდენიმე თვეში, რატომ არ წარადგინეს მტკიცებულებები, ეს უნდა ვკითხოთ ძებნილსა და კრიმინალ ადეიშვილს

„ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი Live“ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.

სოზარ სუბარმა დეტალურად ისაუბრა იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

„ის, რომ ომის თემა არის გამოსაძიებელი, პირველად არ გვითქვამს. ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ. სხვათა შორის „ევროპელმა სოციალისტებმაც“ დაძრეს ეს საკითხი. ძალიან კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ რამდენიმე თვე დარჩა, სანამ ჩვენ დავიბრუნებთ სოხუმს და ცხინვალსო. დეკემბრის ბოლო დღეები იყო და მახსოვს, შეხვედრა გვქონდა ბორჯომში, იქ ამბობდა, რომ აი, რამდენიმე კვირა და ჩათვალეთ, ცხინვალში ვართო. მშვიდობიანად დაბრუნებას რომ არ აპირებდა გასაგები იყო მაშინ ეს ყველასთვის. ამას უკვე მოჰყვა აგვისტოს ომი. მანამდე იყო ომის რიტორიკა და იარაღის ჟღარუნი. მიუხედავად ამისა, თავს ვიკავებდით საუბრისგან ამაზე, რადგან სასამართლოები გვქონდა მოსაგები რუსეთის წინააღმდეგ. სამი სასამართლო გაიმართა სულ. ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო. აქედან პირველი – ჰააგის საერთაშორისო სასამართლო საქართველოს ხელისუფლებამ წააგო რამდენიმე თვეში, რადგან მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი და მარტივად, ჩვენი საჩივარი თავზე გადაგვახიეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რატომ არ წარადგინეს, ეს უნდა ვკითხოთ ძებნილსა და კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს და მის მაშინდელ მოადგილეს, ქალბატონ თინათინ ბურჯალიანს, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა ამ სასამართლოში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იყო ორი მხარე, ერთი საქართველო, რომელიც დავობდა რუსეთის წინააღმდეგ, მეორე – საქართველოს ათასზე მეტი ოსი ეროვნების მოქალაქე, რომლებიც რუსეთის დაკვეთით ჩიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ამ სარჩელზეც საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა წარდგენილი, უბრალოდ რადგან სტრასბურგი [სამართლებრივი პროცესი] გაიწელა, დიდხანს მიდიოდა გამოძიება. ამასობაში ჩვენ [„ქართული ოცნება“] მოვედით ხელისუფლებაში და დავიწყეთ მტკიცებულებების წარდგენა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო, რასაც [რუსეთი] ისროდა, კასეტური რაკეტა „ისკანდერი“, რომელიც ქვეყნიდან იყო გამქრალი. არსად არ იყო დარჩენილი დოკუმენტი, სად იყო წაღებული. ეს დავაბრუნეთ და მოვიგეთ სასამართლო. ამის შემდეგ ავტომატურად დაიწყო წაგება ოსი ეროვნების მოქალაქეების სარჩელებმა, რადგან საპირისპირო იყო დამტკიცებული“, – აღნიშნა სუბარმა.

სოზარ სუბარმა მესამე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა.

„მესამე იყო ყველაზე საინტერესო – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ეს [სარჩელი] სააკაშვილს არ შეუტანია, შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მე ვიყავი სახალხო დამცველი და მტკიცებულებებით მე ვამარაგებდი. მე ვერ ვიქნებოდი მხარე ჰააგაში. სააკაშვილი იყო წინააღმდეგი ამ სარჩელის. როცა ხელისუფლებაში მოვედით, ფატუ ბენსუდა, რომელიც იყო პროკურორი, დაგვიკავშირდა, მანამდე სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდებოდა და გვითხრა – სად არის თქვენი მტკიცებულებები, წარმოადგინეთ, თორემ წააგებთო. დავიკაპიწეთ ხელები. იუსტიციის სამინისტრომ პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სუს-მა, ყველა შესაბამისმა უწყებამ მტკიცებულებების მოგროვება და წარდგენა დავიწყეთ. სააკაშვილმა მაშინ ატეხა განგაში საერთაშორისო დონეზე, თითქოს ჩვენ ვაპირებდით ქართველი ჯარისკაცების და ოფიცრების გასამართლებას. სისხლის სამართლის გამოძიება არის ორლესული მახვილი – როგორც იძიებს რუსი გენერლის ქმედებას, ისე შეიძლება სააკაშვილის საქმეც გამოიძიოს, თუ სააკაშვილის დანაშაული იკვეთება. სწორედ იმის გამო, რომ ეს სასამართლოები მიმდინარეობდა, არ ვლაპარაკობდით იმ ფაქტებზე, რომლებიც ჩვენს [„ხალხის ძალის“] განცხადებაშია მოყვანილი. ვდუმდით ამ ყველაფერზე და არ ვიხსენებდით სააკაშვილის აღიარებით ჩვენებას, არ ვიხსენებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც არა მხოლოდ მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე ლაპარაკობდა, არამედ პირდაპირ ამბობდა, რომ ეს იყო გარიგება რუსეთსა და საქართველოს შორის და მოხდა გეგმური გადაცემა საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის. რამდენად მართალია სალომე ზურაბიშვილის ეს ვარაუდი, ეს უნდა დაამტკიცოს გამოძიებამ. როდესაც რუსეთმა ნახა, რომ მასალები ძალიან ბევრი იყო და მძიმე წონიანი, რუსეთს რატიფიცირებული ჰქონდა რომის სტატუტი, რომლითაც მოქმედებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, ოღონდ ყველა პროცედურა ბოლომდე არ იყო მიყვანილი. რუსეთმა ჩათვალა, რომ ეს მისთვის წამგებიანი საქმე იყო და გააუქმა ეს სტატუტი და გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, თუმცა ამას არ შეუჩერებია გამოძიება და მოვიგეთ ეს სასამართლო“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე იხილეთ