ჰოდა, სხვისი ტექსტით ტრიბუნაზე.
ჰოდა, გუშინ, 14 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. მშვენიერი მოხსენებები იყო, – რომელი ერთი გინდა რომ ჩამოთვალო – მაკა ჯოხაძისა, ავთანდილ არაბულისა, მაყვალა გონაშვილისა, ჯემალ დავლიანიძისა, საბა მეტრეველისა, დავით შემოქმედელისა, თინა ყანდარელისა თუ სხვათა. შთამბეჭდავი იყო სიტყვა თავად აკადემიის პრეზიდენტის რიონ მეტრეველისა, რომელიც უძღვებოდა სხდომას. მე წინასწარ გამომსვლელებში არ ვყოფილვარ ჩაწერილი, მაგრამ ბატონ როინს სამიოდე წუთი ვთხოვე, საინტერესო ამბავი მაქვს-მეთქი და მანაც მეც მომცა ტრიბუნაზე ასვლის საშუალება.
ჰოდა, მე კი, ნაცვლად იმისა, რომ მჭევრმეტყველებაში ან კაზმულსიტყვაობაში გავჯიბრებოდი დიახაც ღირსეულ გამომსვლელებს, ჩემი, ფაქტობრივად, არაფერი მითქვამს – ჯიბიდან ქსეროქზე გადაღებული ერთი ფურცელი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.
ჰოდა, ჩვეულებრივ, არ მიყვარს ხოლმე ტრიბუნიდან გამზადებული ტექსტის წაკითხვა – ბოლოს დაწერილი ტექსტი 1989 წელს ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე წავიკითხე, როგორც მთავარი მოხსენება, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა – სხვის ტექსტი უნდა წამეკითხა:
ჰოდა, აი, ეს ტექსტიც:
„კალანდაძე, ანა პავლეს ასული (1924, 15 XII -) – პოეტი, სრულიად უცნობი, ობოლი, ღარიბი. საშუალო სკოლის კაბით დადის უნივერსიტეტის IV კურსზე, ლიტერატურაზე. 22 წლისაა. მამიდამ თავის ნამოწაფარ დიმიტრი ბენაშვილს სთხოვა: ძმისწული მყავს გადარეული, ლექსებს ბღაჯნის. გამოგიგზავნი, დაარწმუნე, ამ სისულელეზე ხელი აიღოსო. დ. ბენაშვილმა მოისმინა, მაგრამ დაწუნების მაგიერ გ. ნატროშვილს შეუტანა – ეგება დასაბეჭდად აირჩიო, რაღაც საიმედოაო. თავმობეზრებულმა გ. ნატროშვილმა ავტორი თავაზიანად მოიშორა – ამ ორშაბათს კი არა, მეორე ორშაბათის შემდეგ გამოიარეო და რვეული იქვე მიაგდო. ხელნაწერების უჯრაში ჩაწყობის შემდეგ გადაშლილ ფურცელს დააცქერდა, წაიკითხა, იამა, გადაფურცლ-გადმოფურცლა, აღტაცებით შეურბენინა ს. ჩიქოვანს – ერთი გასინჯე, ხომ არა ვცდებიო, რაღაც კარგსა ჰგავსო. სიმონმა ჩაათვალიერა, გახარებულმა იკითხა, სადაა ავტორიო. ორი კვირის შემდეგ მოვაო. ახლავე დაიბარეთ, მოძებნეთო. მოძებნეს. ხუთშაბათს თუ პარასკევს, 31 მაისს, პირველი საათისთვის დანიშნეს კითხვა. მწერალთა გარდა შეიკრიბა საზოგადოება. მსმენელთ აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. კამათი აღარ გაიმართა, რადგან შენიშნეს „ხალასი ნიჭი, თავისებური ლირიული ხმა, პოეტური კულტურა“ („ლიტერატურა და ხელოვნება“, 1946, 1 ივნისი, № 23). დაადგინეს მწერალთა კავშირში მიიღონ. ლექსების წიგნი საჩქაროდ გამოიცეს. 1000 მ. გამოუწერეს.“
ჰოდა, თავისი ხასიათით და სტრუქტურით ეს არ არის საენციკლოპედიო, სალექსიკონო თუ საცნობარო სტატია, მაგრამ სწორედ ამგვარ გამოცემაშია დაბეჭდილი. ეს გახლავთ იოსებ იმედაშვილის „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“, მე-2 ტომი, რომელიც პირველად აგერ ახლახან, 2021 წელს გამოსცა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. ჰოდა, წიგნის 501 გვერდზე დაბეჭდილ ამ სტატიას ერთვის ანა კალანდაძის ყველა იმ ლექსის ჩამონათვალი, რომლებიც მას 1946-დან 1952 წლამდე გამოუქვეყნებია. ლექსიკონის ავტორი იოსებ იმედაშვილი სწორედ 1952 წელს გარდაიცვალა. სტატია ანა კალანდაძის შესახებ ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი სტატიაა, რომელიც მან თავის ლექსიკონში შეიტანა. ჰოდა, გამოსვლისთვის თავიდან სამი წუთი ვითხოვე. არადა, ორში ჩავეტიე.
ჰოდა, აკადემიის სხდომათა დარბაზის ფოიეში იმ დღეს ანა კალანდაძის ლექსების ორიგინალური გამოცემაც ვიყიდე, Badri ვადაჭკორიას ფოტოებით გაფორმებული. ამ ალბომის შესახებ მე უკვე ვწერდი ფეისბუქზე შარშან, 15 დეკემბერს, – ანას დაბადების მე-100 წლისთავზე. ჰოდა, ამ ალბომთან ერთად გამომცემლობა „მერიდიანმა“ ანას კალანდაძის იმ პირველი რვეულის ზუსტი ასლიც დაბეჭდა, გიორგი ნატროშვილმა რომ ჯერ „იქვე მიაგდო“ და მერე სიმონ ჩიქოვანს შეურბენინა, – ერთი გასინჯე, რაღაც კარგსა ჰგავსო!..