leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში

“საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, დესტაბილიზაციის გარანტად გვევლინება”, – წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ვეტოზე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული და არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ მიეცემა ქვეყნის არეულობის და დესტაბილიზაციის გეგმის განხორციელების საშუალება, ამას არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს.

„სალომე ზურაბიშვილის ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს საკითხი სახელმწიფოში უსაფრთხოებას და სტაბილურობას ეხება, დიახ, უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რადგან რადიკალური ოპოზიციის გეგმის მიხედვით, არ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარება. არჩევნების შედეგების არ აღიარებას მოჰყვება მასობრივი აქციები, არეულობა, დესტაბილიზაცია და სისხლიანი რევოლუცია, ასეთი გეგმა არსებობდა 2020 წელსაც, თუმცა მაშინ სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა არ მისცა განხორციელების საშუალება. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში, ცდილობს გააჩინოს უნდობლობა არჩევნების შედეგებისადმი, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხით დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, დესტაბილიზაციის გარანტად გვევლინება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიცემს ხმას, რაც სრულად, თეორიულადაც კი გამორიცხავს ნებისმიერ მანიპულირებას. ომის და ღალატის პარტიას, რადიკალურ ოპოზიციას და მის ლიდერ სალომე ზურაბიშვილს არ მიეცემა ქვეყნის არეულობის და დესტაბილიზაციის გეგმის განხორციელების საშუალება, ამას არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს!”, -წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ასევე იხილეთ