leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: „Swissôtel Tbilisi-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

“თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმბრენდის სასტუმრო  „Swissôtel-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი”,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ გასული 14 თვის განმავლობაში საქართველოში 220 მლნ ლარის ინვესტიციები განხორციელდა კონკრეტულად სასტუმროების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ახალი საწოლიადგილი შეიქმნა. ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლებისთვის. გვინდა, 2027 წლამდე დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიციები განხორციელდეს ამ სფეროში, რის საფუძველზეც 37 000 ახალი საწოლიადგილი შეიქმნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან ერთად,“– განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ სასტუმროს მფლობელსა და ინვესტორ ემინ უჩარს, ასევე მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფის „Accor-ის“ ხელმძღვანელობას სასტუმროს გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სასტუმროს მშენებლობისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს „Accor-ის“ ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ალექსის დელაროფმა და „მაქრო ჯგუფის“ პრეზიდენტმა ემინ  უჩარმა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; თბილისის მერი კახა კალაძე; დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ასევე იხილეთ