“საქართველო არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატოს მისიებში. ჩვენ ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს. მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება”, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მმართველი გუნდი თავის მხრივ გააგრძელებს სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე.
„[უმრავლესობის სხდომაზე] ვისაუბრეთ ვეტინგთან, პრეზიდენტის ვეტოსთან, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით, თუმცა პირველ რიგში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოვეხმაურებით. მისასალმებელია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, სასიხარულოა მისგან ხაზგასმა მაგალითად კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის საკითხებისა და ზოგადად ნატოსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატოს მისიებში. ჩვენ ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს. მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მტკიცედ ქვეყნის სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ამავე დროს დავიცავთ, ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობას და ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილური განვითარების სწორ გეზს“, – განაცხადა მდინარაძემ.