top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკოს ხელში ჩაგდება

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ყველაზე თაღლითურ შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკოს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე, მორალური თუ ფიზიკური გზით, ორივე მიმართულებით ხმოვანდებოდა ინფორმაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და ცხრა ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად უმრავლესობამ შეცვალა კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

„მტკიცებულებების დონეზე გაირკვა, ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტიდანაც გამომდინარეობდა ეს და ბევრი ამბავი გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ყველაზე თაღლითურ შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკოს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა ერთი მხრივ თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე, მორალური თუ ფიზიკური გზით, ორივე მიმართულებით ხმოვანდებოდა ინფორმაცია და თუ ეს მოხერხდებოდა, მის მოვალეობას ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი შეასრულებდა. ამავდროულად, კანონმდებლობაში ამგვარი დაშვება და პრეცედენტი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ცესკოს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და ცხრა ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უდავო ფაქტებისა, ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა, ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექსს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია როგორც სწორ, სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას, ასევე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, აცდენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც წეღან ვახსენე.

ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს, რომელიც ხაზარაძის პარტიის მავნებლური გეგმის შემობრუნების ბოლო უშედეგო მცდელობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნებს ჩაატარებს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით არჩეული დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვასრულებთ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს იყო ერთ-ერთი დათქმა და ეს შესრულებული იქნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ