top_leaderboard

ლევან დავითაშვილი რუსული ავიაკომპანიის მიერ ეკონომიკის სამინისტროში შესულ წერილზე გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია „რედვინგსის“ წერილი არ შემოსულა და უფრო მეტიც, ასეთი წერილი კომპანიას არც გამოუგზავნია, შესაბამისად, ეს წერილი იყო „ფეიკი“, –  განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე,  თითქოსდა რუსულმა ავიაკომპანიამ პირადად მას გამოუგზავნა წერილი რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისების დამატების შესახებ. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათზე თანხმობა არ გაცემულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მოთხოვნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არც შესულა.

„სიუჟეტი იყო უპასუხისმგებლო, რადგან არ ემყარებოდა გადამოწმებულ ფაქტებს და დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკა. ჩვენ სამინისტროში გადავამოწმეთ ინფორმაცია და არათუ სამინისტროს ცენტრალურ  უწყებაში, არამედ არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ შესულა მსგავსი წერილი. აღნიშნული სიუჟეტი იყო მიზანმიმართული ცილისწამება, სიტუაციის დაძაბვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა, ზოგადად ფრენების სიხშირეების გაზრდის პროცესზეც და განმარტა, რომ ეს მსგავსი მოთხოვნა ამ დრომდე სააგენტოში კომპანია რედვინგსიდან არ შესულა.

„მსგავი წერილი რომ შემოსულიყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ის მიიღებდა გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ მიღებული კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები არის ძალიან მკაფიო, ამიტომ ასეთ საკითხებს სამინისტროსთან არ ათანხმებენ, ეს სრულად ტექნიკური საკითხებია. და, რა თქმა უნდა, კომპანიას მიეცემოდა ის სლოტები, თუ იქნებოდა ამ სლოტების ხელმისაწვდომობა. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი და ამაზე გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იღებს. ეს არ არის პოლიტიკური თემა და თემის პოლიტიზირება, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობაა“, – აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.

ამასთან, ლევან დავითაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ. საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, ყველა კომპანიას აქვს ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და ის  თავად იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს ჩარევის გარეშე.

„ერთი ნაწილია, რომ რუსეთის მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, რომ საქართველოში სურთ ფრენა, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას… ანუ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს კონკრეტული თარიღები, კონკრეტული მიმართულებები, რისი მომართვაც ჩვენთან არ შემოსულა, დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა,  ხომალდები, რომლებსაც კომპანია  „რედვინგსი“ იყენებს სხვა შემთხვევაში და ეს კომპანია ოპერირებს საქართველოში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გავაჟღერეთ და ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, შესაბამისად, ამ კომპანიამ შეიძლება  მომართვის შემთხვევაში მიიღოს ნებართვა. მაგრამ მას ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავს“, – აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.

 

 

ასევე იხილეთ