top_leaderboard

თამარ ჩიბურდანიძე: „ხალხის ძალა“ დაფუძნდა იმ იდეით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე

“ხალხის ძალამ“ამ მოკლე პერიოდში შეძლო და გააკეთა იმდენი, რაც ზოგიერთ პარტიას მთელი მისი არსებობის მანძილზე არ გაუკეთებია. „ხალხის ძალამ“ შეასრულა მეხამრიდის როლი ქართულ პოლიტიკაში, რამაც იხსნა ქვეყანა ძალიან დიდი უბედურებისგან,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა პარტიის დაფუძნების მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა.
თამარ ჩიბურდანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის შექმნა მხარდამჭერებისათვის მოსალოდნელი იყო, ოპონენტებისათვის კი, შოკისმომგვრელი. მისი თქმით, პოლიტიკური პარტია დაფუძნდა იმ იდეით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე და ამ განაცხადის სითამამეში „ხალხის ძალას“ ბადალი არ ჰყავს.
“ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ხალხის ძალის“ პარტიად ჩამოყალიბებას, თუმცა საზოგადოება წელიწადნახევარია გვისმენს და შეჩვეული იყო ამ სახელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ჩვენ ყოველთვის პოლიტიკურ განაცხადს ვაკეთებდით, ჩვენი განცხადებები ყოველთვის პოლიტიკური იყო. და მაინც, ბევრისთვის ეს იყო ძალიან კარგი სიახლე, ბევრისთვის შოკისმომგვრელი, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის და ბუნებრივია, ოპოზიციას უკვე სწორება ჩვენზე აქვს, იმიტომ რომ ყველაზე ხისტად, ვინც შეუძლია მას დაუპირისპირდეს, იქნება „ხალხის ძალა“. 
რამ განაპირობა „ხალხის ძალის“ დაფუძნება? ჩვენ წელიწადნახევრის წინ ჩამოვყალიბდით როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობდა, საზოგადოების სურვილები გადმოჰქონდა მოსახლეობაში და ფაქტობრივად, ჩვენ ამ ხნის მანძილზე გავტესტეთ საზოგადოება და ჩვენი იდეა. „ხალხის ძალა“ დაფუძნდა იმ იდეით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე – ეს იყო უდიდესი გამბედაობა ქართულ პოლიტიკაში, გამბედაობა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას ამ დონეზე არ გამოუხატავს. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ეს გამბედაობა საგარეო პოლიტიკაში გამოიხატა. როდესაც პარტნიორს არა პარტნიორს, არამედ ბატონს ეძახი, ღიად ამის თქმა გამბედაობაა. იყო პროტესტი, მაგრამ ვერც ქართული საზოგადოება და ვერც პოლიტიკური პარტიები, ამაზე ღიად ვერ საუბრობდნენ. ტაბუდადებული თემა იყო და ჩვენ ეს ტაბუდადებული თემა გავხსენით. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილის ამოძახილი და სწორედ ამ პოლიტიკურმა გამბედაობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენმა იდეამ ითქვას პოლიტიკაში სიმართლე, რომელიც შესაძლებელია უხეშიც კი იყოს საერთაშორისო დიპლომატიაში, მაგრამ არის აუცილებელი, მოიპოვა ძალიან დიდი მოწონება და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში.
როდესაც ვფუძნდებოდით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა საზოგადოების მხრიდან და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება ჩვენს პარტიას. ამ მხარდაჭერის გამო შეიქმნა პოლიტიკური პარტია, რომელიც ცალკე სიმაღლეა, სხვა პასუხისმგებლობაა, სხვა განაცხადია და სხვა ლეგიტიმაციაა. „ხალხის ძალამ„ ამ მოკლე პერიოდში შეძლო და გააკეთა იმდენი, რაც ზოგიერთ პარტიას მთელი მისი არსებობის მანძილზე არ გაუკეთებია. „ხალხის ძალამ“ შეასრულა მეხამრიდის როლი ქართულ პოლიტიკაში, რამაც იხსნა ქვეყანა ძალიან დიდი უბედურებისგან,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
ასევე იხილეთ