logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ზვიად გამსახურდია ამოიღეს მიზანში
- +

2 დეკემბერი. 2020. 19:32

 

 

კონსტანტინე გამსახურია თინა ხიდაშელის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზვიად გამსახურდიას შესახებ წერს:

 

„თინათინ ხიდაშელი: „ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი თქვა, რასაც რეალურად შეეძლო, ეროვნულ უმცირესობებში საფრთხეების განცდა გამოეწვია. ე.ი. საქართველოში დიდი კომუნისტური რევანში შედგა, რასაც ჩვენ უნებურად ხელი შევუწყვეთ, გამოუცდელობითა და გადაჭარბებული ნაციონალიზმით.“

 

წინ მიდევს ზვიად გამსახურდიას გამოსვლების, ინტერვიუების, სიტყვების კრებული (ხუთტომეული) საპარლამენტო ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული ემზარ ჯგერენაიას რედაქტორობით, დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ვიწყებ ფიქრს და ძებნას: რა თქვა ნეტავ ასეთი, რაც მოლდოვაში, უკრაინაში, ბალტიურ ქვეყნებში ან სომხეთ-აზერბაიჯანში არ თქმულა? 

 

უცებ თვალწინ დამიდგა აშშ-ს კადრები ამ გაზაფხულზე, ჯ. ფლოიდის დაღუპვის შემდეგ, წაქცეული ლინკოლნის, ჯეფერსონის და სხვათა ძეგლები, მუქარები, რომ ჯ. ვაშინგტონის ძეგლსაც დაამხობენ, ჩერჩილის შეფუთული ძეგლი ბრიტანეთში, რომ მარტივად ვერ დაამხონ, გერმანიაში წითლად დათხვრილი ბისმარკის ძეგლი. რატომ ეს ყველაფერი? BLM-ს („შავების სიცოცხლეს ფასი აქვს“, ქართ.) ექსტრემისტების თქმით იმიტომ, რომ ეს ყველანი „რასისტები იყვნენ“.  როგორც ჩანს თინათინი და კიდევ ზოგიერთი სხვა, (მაგალითად მის მშობლიურ რესპებშიც, ევროპულ საქართველოშიც არიან ასეთები, მათ მონათესავე ჯგუფებშიც) სწორედ ამ ექსტრემისტული მემარცხენე ლიბ-რადიკალთა ფილიალებს ავსებენ და ანალოგიური "ლოგიკით", ოღონდ ეთნიკური ნაციონალიზმის ბრალდებით ზვიად გამსახურდიაც პირველ რიგში ამოიღეს მიზანში.

 

როდის თქვა? რა თქვა? რა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში? ეს დიდად არ აწუხებს ინტერვიუს რესპონდენტს. სიტყვა ისროლა და ვერდიქტიც მზადა აქვს. ვეძებ გულდაგულ აღნიშნულ ხუთტომეულში და ვერ ვპოულობ. „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“ - ნეტავ ამას ხომ არ გულისხმობს? არ იძებნება. მე პირიქით, ამ ხუთტომეულში ვნახე 3 თუ 4 ადგილი, სადაც ზვიად გამსახურდია ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ნათქვამს კრემლის პროპაგანდა მომაწერს და ნუ დაუჯერებთო.

 

ზუსტად კრემლის პროპაგანდამ, სსრკ-ს დაშლით გამძვინვარებულთა რუპორმა, რაშიც თბილისის 1988 წლის შიმშილობამ, 1989 წლის 9 აპრილის ღამემ და 1990 წლის 28 ოქტომბრის არასაბჭოურმა, მრავალპარტიულმა არჩევნებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს, გაავრცელა ქართველ ყველაფრისმკადრებელ დეზინფორმატორებთან ერთად ეს სიცრუე. სხვათა შორის, დასავლეთის არც ერთ სერიოზულ გამოცემას არც ევროპაში, არც ამერიკაში იგი არ გაუმეორებია. გაიმეორეს მხოლოდ მათ, ვინც თავიანთ ინტერესებს ყოველთვის კრემლის ინტერესებთან თანხმობაში მოიაზრებდა. ამიტომაც შექმნეს შავპიარული ხატი, თითქოს 1990 წლის არჩევნებიდან მოყოლებული რუსთაველზე ბრიალებენ კოცონები, გამსახურდია და მისი მინისტრები მიმსხდარან, პირდაპირ შამფურებზე წვავენ არაქართველებს და მიირთმევენ. მანამდე ჭანტურია-სარიშვილის ედპ-მ პრაღის რეზოლუციაშიც შეატანინა ქართველთა აგრესიული ნაციონალიზმის დამგმობი ტექსტი.  

 

მე არ ვიცი რა იგულისხმა ქ-მა თინათინმა, მაგრამ მე ვიცი, ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად რა გააკეთა: მან ცხინვალის ოსებს შესთავაზა პირდაპირი დიალოგი, კულტურული და ფუნქციონალური ავტონომია, (ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ყველგან) იგი ყოველ კვირას ხვდებოდა თბილისში არსებულ „სამართლიან ოსთა საზოგადოებას“ და მათთან გადიოდა კონსულტაციებს; მან შეხვედრები მოაწყო აზერბაიჯანულ და სომხურ თემებთან, სადაც ხაზი გაუსვა, რომ ყველა მიიღებს მოქალაქეობას, განურჩევლად იმისა, იცის თუ არა ქართული. (ბალტიელებისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი დღემდე უმკაცრესად დგას და ასეულობით ათას რუსს იმ ქვეყნებში მოქალაქეობა არ ეძლევა)  სადაც მადლობა გადაუხადა მათ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის; აფხაზებს შესთავაზა გამსახურდია-ალექსიძის კანონი 26-28-11, აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა კვოტირებაზე, აფხაზ პრეზიდენტზე და ქართველ პრემიერ-შს მინისტრზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიის სრულ თავისუფლებაზე თბილისისგან, მხოლოდ ვეტოს უფლებას იტოვებდა საქართველოს პრეზინდეტი იმ შემთხვევისთვის, თუ აფხაზეთი დააპირებდა საქართველოდა გამოყოფას, რაც აფხაზურმა მხარემ მიიღო. ასე დაედო საფუძველი მყიფე, მაგრამ მაინც სამშვიდობო პროცესს და რუსულ სპეცსამსახურებს დროებით ფუკასავით აართვეს ასარევად გამზადებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. იგივე აფხაზეთი, რომელიც ქ-ნ თინას კოლეგების აზრით, დამოუკიდებელი უნდა იყოს და ჩვენც უნდა ვცნოთ.

 

ასეა საქმის რეალური ვითარება ქ-ნო თინათინ. ამიტომაც უმჯობესია ზოგიერთი თქვენი კოლეგისკენ გაიშვიროთ ხელი, პუტჩისას ფრიად რომ აქტიურობდნენ, როდესაც დაიწყებთ „დიდი კომუნისტური რევანშის“ მიზეზთა ჩხრეკას. გაწირული ზვიადი მთელმა კავკასიამ დაკრძალა 1994 წლის 24 თებერვალს გროზნოში, თქვე უბადრუკებო, რა ნაციზმი, რის ეროვნული შუღლის გაღვივება“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner