logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია სრულიად შეგნებულად ახდენს მოლაპარაკებების პროცესის ტორპედირებას
- +

5 იანვარი. 2021. 01:43

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„განახლდა პოლიტიკური ვნებათაღელვები და მოლოდინიც, შედგება თუ არა შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე საკრალურად ქცეულ „მეხუთე რაუნდზე.“

ოპოზიცია ამბობს, რომ ის ხელისუფლებისგან კონსენსუსის მიღწევის მზაობას მოელის, თუმცა კონსენსუსი ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა. ამ მხრივ კი ოპოზიციის მიდგომები არანაირად არ ემსახურება კონსენსუსს და ამის მკაფიო მაგალითია მათ მიერ შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა, რომლის მოთხოვნებიც აპრიორი მიუღებელია ხელისუფლებისათვის (აცნობეს კიდეც ამაზე) და მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ჯიუტად არაფრის შეცვლას არ აპირებს.

შესაბამისად, ოპოზიცია სრულიად შეგნებულად ახდენს მოლაპარაკებების პროცესის ტორპედირებას იმის იმედით, რომ გაზაფხულისთვის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურა მათ სასარგებლოდ შეიცვლება. რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა კვლავაც მათ დღის წესრიგში რჩება, მიუხედავად იმისა რომ საჯაროდ უარყოფენ ამას.

რატომ არის ოპოზიციის 4-პუნქტიანი გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლაზე მიმართული? იმიტომ რომ ის ფაქტიურად ემსახურება „ქართული ოცნების“ როგორც პარტიის განდევნას პოლიტიკური ველიდან. წარმოიდგინეთ, ოპოზიცია ითხოვს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ლეგიტიმურად აღიარებული არჩევნების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, იმ მოტივით რომ არჩევნები გაყალბდა, „ქართული ოცნება“ რომ ამაზე დათანხმდეს, მან უნდა აღიაროს რომ არჩევნები გააყალბა აქედან გამომდინარე შედეგებით.

მმართველი პარტიის თანხმობა ე.წ. „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე, რასაც არ აქვს პირდაპირი ბმა არჩევნებთან, ფაქტიურად ნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ საქვეყნოდ იმის აღიარებას, რომ მას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არის განაჩენი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისათვის, რომ ის უნდა წავიდეს.

ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლისას ვითომდა შემთხვევით დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებული სკანდალი, ლუსტრაციას უკეთებს ოპოზიციის კიდევ ერთ მოთხოვნას - ცესკოს, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად  დაინიშნონ  „ქართულ ოცნებასთან“ მძაფრად დაპირისპირებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პირები. თითქოს დანარჩენი სამოქალაქო სექტორი საერთოდ აორთქლდა! 

ფაქტიურად გამოდის, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ „ქართული ოცნება“ გვერდზე გაწიონ, თავად ჩაატარონ არჩევნები და სასურველი შედეგიც გაიფორმონ“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner