logo_geo
eng_logo
გელა დაიაური: მე არ მავიწყდება მტერი, თქვენ?..
- +

18 სექტემბერი. 2016. 00:16



გელა დაიაური 2008 წლის 8 აგვისტოს ომს და შინდისის გმირებს იხსენებს:



 „ერთმანეთის სალანძღავ ბრტყელ-ბრტყელ კომენტარებს რომ დებთ სხვა სტატუსებზე, სად ხართ გულანთებულო ქართველებო? საქართველოს ერთიანობისთვის დახოცილი ბიჭების და არა მარტო ბიჭების სულები პასუხს ელიან... მივესიოთ ახლა კომენტარებში ერთმანეთს, როგორც ვიცით და რაშიც მაგრები ვართ და დავფაროთ მტრის სახე...აბა ჰეეე!!!

მე არ მავიწყდება მტერი, თქვენ?"


8 აგვისტო


როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი - მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს..

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"..

.......

სოფელ შინდისის მაცხოვრებლები ჰყვებიან:


„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს..


„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი" -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.


მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.


აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც - რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა" - უპასუხა ალეკომ..


ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა...


ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს"..


შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო..

ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა..

ერთ-ერთი გმირის, მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა - იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც...


და ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა -

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"..

ის ლექსებს წერდა და სიგიჟემდე უყვარდა საქართველო..




 

right_banner
არქივი
right_banner