logo_geo
eng_logo
„ნუ დაიბოღმები, ნუ გაბოროტდები იმ ხალხზე, ვინც ჩირქს გცხებს“- მერაბ ბერძენიშვილის დარიგება...
- +

18 სექტემბერი. 2016. 00:51




„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის სიტყვებს იხსენებს, რომელიც ბერძენიშვილმა ინაშვილს ყველაზე მძიმე წუთების ჟამს უთხრა.



„მერაბ ბერძენიშვილი- დიდი ქართველი ხელოვანი... უბრალოდ, დიდი ქართველი. ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი კვალი დატოვა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. მაშინ, როდესაც ბევრი ცილს მწამებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა (თემას შეგნებულად არ ვიხსენებ), მერაბ ბერძნიშვილი შეეცადა მხარი დაეჭირა ჩემთვის და ეს შემოქმედებითად, ლამაზად, კაცურად, ღირსეულად მოახერხა. დინების საწინააღმდეგოდ წავიდა- სწორედ ჩემთვის უმძიმეს დღეებში ბატონმა მერაბმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დამაჯილდოვა,- ჭუბერის კადრების გადაღებისათვის. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ჩემს წინააღმდეგ მობილიზებული საზოგადოების ნაწილს ბერძენიშვილმა (ამ თითქოსდა უმნიშვნელო ქმდებით) უთხრა, რომ მას არ სჯერა ჩემს წინააღმდეგ გავრცელებული ცილისწამების... და რომ მე მარტო არა ვარ. როცა პრეზენტაცია დამთავრდა, ერთმანეთს ფოიეში ვემშვიდობებოდით.

 

„ხომ იცი, ჩვენს ქვეყანაში მძიმეა იმ ადამიანების ხვედრი, რომლებსაც სამშობლო უყვართ. ნუ დაიბოღმები და ნუ გაბოროტდები იმ ხალხზე, ვინც ჩირქს გცხებს. გახსოვდეს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გასვენებას სულ 5 ჭირისუფალი მიჰყვებოდა. სად ჩვენ და სად ექვთიმე. მაინც სიყვარულით წავიდა. სიყვარულით იცხოვრე, ბოროტებას მხოლოდ ამით თუ მოერევა კაცი". - ეს სიტყვები, რომ არ დამვიწყებოდა, ტელეფონში ჩავიწერე და ბევრჯერ დამეხმარა. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.

 

 მე ამ კაცის ვალი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება!"

 

 

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა.


 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner