logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გამოვლენილია ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქ-გვერდი, 20 ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკ-ექაუნთი და ბოტი, რომლებიც ხელისუფლების დისკრედიტაციაზე მუშაობენ
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:35

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. დღეს კი, მდინარაძის თქმით, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომელიც ეხება ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას.

 

კერძოდ, მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქ-გვერდი, 20 ფეისბუქ-ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკ-ექაუნთი და ბოტი.

 

„გუშინ ამავე დარბაზში ჩატარდა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო ე.წ. დამკვირვებლებზე, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ ნახეთ, პარადოქსული იყო მათი პასუხები. აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდნენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ თურმე არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა, პრაქტიკულად, მათი პასუხების საერთო ჯამი და ანალიზი ეს იყო, რადგან ისინი ამბობენ, რომ ამის კანონიერი უფლება აქვთ და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

 

მართალია, მაგრამ ისინი ვერასდროს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები, ისინი ყოველთვის იქნებიან ტენდენციურები და იმ მავნებლური საქმის მკეთებელნი, რასაც აქამდე აკეთებდნენ. უბრალოდ, ჩვენ ისინი ვამხილეთ, რათა ვერ შეძლონ პირველი – ქართული საზოგადოების და მეორე – ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა.

 

ამ მხილებით უზრუნველვყავით ის, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი, რომ რომელიმე მათი ტენდენციური, მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნების დღეს შედგება. ამ მავნებლური სქემის, რბილად რომ ვთქვათ, მათი სუბიექტური იდეების განხორციელების გზის და სისტემის შესახებ მინდა მოგითხროთ.

 

მე წარმოგიდგენთ ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას, რომელიც ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.

 

სოცქსელის რესურსები და სისტემა, რაც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რამდენიმე დანაყოფს, აქ გამოვლინდა ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე „ფეისბუქ“-გვერდი. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმეს გეტყვით: „ჰაჰა ნიუსი“, „დრო მიდის, კადრები კი რჩება“, „Миша Вернись – მიშა დაბრუნდი“, „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად“, „ანტი-ქოცი“, „ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“, „პოლიტიცალ მემეზ“ და ა.შ. არის 20 მსხვილი „ფეისბუქ“ ჯგუფი, რომელიც მოიცავს 330 000-მდე მომხმარებელს. არის 1 500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ფეიკ-ექაუნთი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას, დეტალურს და უფრო ჩაშლის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ამასთან, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, არსებობენ ნამდვილი სპიკერებიც, რომლებიც ამ სქემაში არიან ჩართული.

 

„არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის „ფეისბუქი“ და „ფეისბუქი“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას.

 

რაზე მუშაობს ჩემ მიერ ჩამოთვლილი ამ სისტემის ყველა რგოლი – პირველი, ეს არის ეკლესიის დისკრედიტაცია, მეორე არის ყალბი ამბების გავრცელება და მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ფეიკების შექმნა, კორონავირუსთან დაკავშირებული მენეჯმენტის დისკრედიტირება, ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ მოიცავს სიძულვილის ენას, სექსიზმს და ა.შ. პანდემიის თემით მანიპულირება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ე.წ. გაშავება ამ სისტემის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ.საამისოდ შექმნილია სხვადასხვა კონტენტი.

 

ფეიკ ნიუსების გავრცელება – „ბიძინა ივანიშვილის სამ მილიონიანი ბუნკერი, რატომ აშენებს ოლიგარქი საიდუმლო გვირაბს?“ ეს არ იყო არა მხოლოდ „ფეისბუქ“ კონტენტი, ეს იყო „მთავარი არხის“, „ნაცმოძრაობის“ ერთი ორი ტელევიზიის მიერ შექმნილი კონტენტი. ავტორი ამ შემთხვევაში გახლდათ ლევან ხაბეიშვილი. ეს კონტენტი აბსოლუტურად ერთდროულად ჩაიშალა იმ სისტემაში, რომელზეც გესაუბრებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner