logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ღირსეული შემცვლელი იქნება თავისი ინტელექტით, თვისებებით
- +

15 იანვარი. 2021. 13:45

 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული შემცვლელი იქნება თავისი ინტელექტით და იმ თვისებებით, რაც პატრიოტ ადამიანს ახასიათებს.

 

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის უნარი, რომ კარგი ლიდერი იყოს.

 

„ირაკლი კობახიძე რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებული ვართ, მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სახის პოლიტიკური დაპირისპირება კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძეს შორის, ვოლსკი პასუხობს, რომ მმართველ გუნდში არის სრული ჰარმონია.

 

„საფუძველი არ არსებობს, რომ გუნდში რაიმე დაპირისპირება იყოს. ბუნებრივი არ არის, რომ კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთთან ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ. ეს თქვენი მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის წარმოთქმული ფრაზაა. გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მეგობრობა გვაკავშირებს, გამორჩეული საქმიანი ურთიერთობები არსებობს, რომელიც გამორიცხავს იმას, რასაც თქვენ ამბობთ და იცით, რომ დაპირისპირებას საფუძველი არ გააჩნია“, – დასძინა ვოლსკიმ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევა მოხდება. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner