logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: გენერალური მდივნის მოადგილემ პირდაპირ დაგვიდასტურა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება
- +

26 იანვარი. 2022. 18:04

 

ნიკოლოზ სამხარაძემ, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მივიღეთ - NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება არავითარ შემთხვევაში, ეს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პირდაპირ დაგვიდასტურა. მეორე, ძალიან მკაფიო განცხადება იყო, რომ NATO არ დაუშვებს რუსეთის მიერ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას და ამ იდეის წინააღმდეგ ყველა წევრი ქვეყანა გაერთიანებულია და ერთხმად გამოდის. ამ თემაზეც არანაირი დათმობა NATO-ს მხრიდან არ იქნება. მესამე - საქართველოს გარეშე საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები არავისთან არ გაიმართება და ყველა საკითხზე ჩვენთან იქნება კონსულტაცია. ეს იყო სამი ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილი.

 

კომისიის სხდომაზე ყველა სახელმწიფოს ელჩი სიტყვით გამოვიდა, მოვისმინეთ ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ახალი რაც გამოჩნდა არის შემდეგი, მათ აქვთ აღქმა, რომ საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილი გახდა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ცხადი და ნათელი იყო, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა წევრი ქვეყანა უკვე ამას გრძნობს და აღიარებს. ეს იყო ამ შეხვედრის სულისკვეთება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შალვა პაპუაშვილი NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს. ბრიუსელში გამგზავრებულ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner