logo_geo
eng_logo
სოფელ ბუკნარში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით ქრისტიანი და მუსლიმი თემის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა
- +

15 იანვარი. 2021. 18:06

 

 

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, მართლმადიდებლებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

 

შეხვედრის მონაწილეების განაცხადებით, ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, იყო პროვოკაცია. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.

 

„მიხარია, რომ ინციდენტი რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც მუსლიმი და მართლმადიდებელი ადგილობრივები აცხადებდნენ, ცალკეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა.

 

როგორც შეხვედრის მონაწილემ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, თემურ ირემაძემ განაცხადა, სხვადასხვა რელიგიის მიუხედავად, მეგობრობას და საღ აზრს წინ ვერაფერი დაუდგება.

 

„ეს ის შედეგია, რომელიც შეგვშვენის ქართველებს, ეს ის შედეგია, რომელიც ბუკნარს შეეფერება. მე არ ვყოფ არც ერთ ბუკნარელს – ის თემი და ეს თემი. ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რელიგია, მაგრამ მეგობრობას და საღ აზრს წინ ვერაფერი დაუდგება. როგორც შეგვშვენის, ისე მშვიდობიანად გადავწყვიტეთ ეს პრობლემა და რა თქმა უნდა ვიღაცეების, ერთი- ორი კაცის პროვოკაციულ განცხადებებს არ ავყევით, ვინაიდან ბუკნარში ცხოვრობს შეგნებული, განათლებული ხალხი, რომელსაც შეუძლია, ეს პრობლემა მოაგვაროს და ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა გავაგრძელოთ ისევ მოძმედ, მეგობრულად. ჩვენთან ერთად იზრდებიან ახალგაზრდები, ამ ყველაფერს გადავცემთ მომავალ თაობას“, – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ მუსლიმური თემის წარმომადგენელმა, ბუკნარის მკვიდრმა, თემურ ირემაძემ.

 

შეხვედრას ესწრებოდა ადგილობრივი მკვიდრი, პედაგოგი მაია ხელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ბუკნარში რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც წამოეგო მოსახლეობა.

 

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც რომ გადარჩებოდა ეს ურთიერთობა და ამდენი წლის სიყვარული გაიმარჯვებდა, დარწმუნებული ვიყავი. მოეგო გონს ყველა, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც წამოეგო ჩვენი მოსახლეობა და ეს ურთიერთობა ამ სოფელში გადარჩებოდა მაინც ამ სიყვარულით. სიყვარულს ვერაფერი ვერ მოკლავდა“, – განაცხადა პედაგოგმა მაია ხელაძემ.

 

შეხვედრამდე დღეს ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღევლინა სოფელში მდებარე მუსლიმურ სამლოცველოშიც.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner