logo_geo
eng_logo
პროექტში - „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა
- +

19 იანვარი. 2021. 17:43

 

„პროექტში - „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გაკეთებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი.

 

„პროექტი, რომელიც პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა.

 

პროექტი ხელს უწყობს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 2 000 აშშ დოლარზე მეტია და ქვეყანაში მინიმუმ 6 თვე დარჩებიან. ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით საქართველოში დახარჯავენ. პროექტის მონაწილეები ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან.

 

გაკეთებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო ინდიკატორების მიხედვით, ისინი საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი, საშუალოდ, 6-თვიან პერიოდში 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

 

უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, - 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა.

 

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედიაპლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner