logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს პირველ კვარტალში მიიღებს
- +

2 მარტი. 2021. 12:44

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მათ შორის „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს პირველ კვარტალში მიიღებს. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველო ვაქცინების მისაღებად „კოვაქს პლატფორმასთან“ თანამშრომლობას აგრძელებს.

 

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კვლავაც იყო საუბარი ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ რას ველოდებით უახლოეს პერიოდში. კონკრეტულად, „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში იცით, რომ თანხა გადახდილია და ალბათ, მოწოდება დასრულდება უახლოეს პერიოდში. ზუსტ თარიღს გვაცნობებენ. „ფაიზერთან“ მიმართებაში უნდა ჩაინიშნოს ისევ საკონსულტაციო, სატელეფონო ზარი, რათა დაზუსტდეს ის მოთხოვნები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს.

 

ჩვენი ინფორმაცია ემყარება „კოვაქსიდან“ მიღებულ ოფიციალურ კორესპონდენციას, სადაც მითითებულია საქართველოსთვის „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მიღებისთვის საჭირო ეტაპები. პირველ კვარტალში ხდება ამ ყველაფრის მიღება.

 

საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია - შეირჩა პირველი ოთხი ქვეყანა, როგორც „ფაიზერისთვის“ მიმღები ქვეყნები. ჩვენ ყველას გვქონდა ერთნაირი კომუნიკაცია 29 იანვარს, სადაც მითითებული იყო ვაქცინის მიღების თარიღად თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე პერიოდი. როგორც მოგეხსენებათ, ეს თარიღები გადავადდა ერთნაირად ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „კოვაქსთან“ და „ფაიზერთან“ თანამშრომლობას და გვაქვს იმედი, რომ მოკლე ხანში ეს გადავადება აღმოიფხვრება და დამატებითი პირობა შესრულდება და მივიღებთ შეპირებულ ვაქცინას მალევე. 2-3-კვირიან გადავადებაზე საუბრობს „კოვაქსი“ ამ ეტაპზე, თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „კოვაქსის“ შეპირება დამოკიდებულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. ეს არის სამმხრივი ვალდებულება და იმედი გვაქვს, სამივე მხარე დაიცავს პირობებს“, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ „კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც იყო განსაზღვრული.

 

მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არავითარი ხარვეზი ვაქცინების მისაღებად შევსებულ აპლიკაციაში არ ყოფილა და ეს თემა, მისივე შეფასებით, „სასაცილოა“.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644644-tamar-gabunias-gancxadebit-sakartvelo-astrazenekasa-da-paizeris-vakcinebs-pirvel-kvartalshi-miigebs

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner