logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რა ბედი ელოდება „ენკასთან“ ხელშეკრულებას, გადაწყდება იმის მიხედვით, როგორიც იქნება კონსულტაციების ფარგლებში მხარეების დამოკიდებულება
- +

23 სექტემბერი. 2021. 15:17

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რა ბედი ელოდება კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულებას, გადაწყდება იმის მიხედვით, როგორიც იქნება კონსულტაციების ფარგლებში მხარეების დამოკიდებულება.

 

მისივე თქმით, საზოგადოებასთან მცირე დოზით წარმართული კომუნიკაცია გამოსასწორებელია, ასევე საჭიროა დისკუსია ინვესტორისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზეც.

 

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სურვილი არსებობს, ერთი თვის შემდეგ მოხდება ხელშეკრულებიდან გასვლა. წინასწარი გაფრთხილება იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, მიზეზები გავარკვიოთ. ვფიქრობ, ამ პერიოდში გამოიკვეთება, რა არის სწორი, რა არასწორი. ხელშეკრულებას ისეთი მოცემულობა აქვს შექმნილი, რაზეც ვისურვებდით, ცოტა განსხვავებული ყოფილიყო. განსაკუთრებით იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებასთან მცირე დოზით წარმართული კომუნიკაცია აუცილებლად გამოსასწორებელია.

 

ინვესტორისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზეც დისკუსია საჭიროა. ასევე, გამოითქვა წუხილი, რომ შეიძლება, ეს კარგად აისახოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. ესეც რეალობაა და ის ფაქტორია, რომელიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ვერ გეტყვით, მოვლენები როგორ წარიმართება, მაგრამ კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელოდება ხელშეკრულებას. ჰიპოთეტურად, შეიძლება, ხელშეკრულების პირობები შეიცვალოს, ან ძალაში დარჩეს, ამ შემთხვევაში, ვერსიების სიმრავლეა და პრეფერენციების გაკეთება არ შეიძლება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, „ENKA Renewables“-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.

 

ამასთან, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აუცილებლად გააგრძელებენ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“. უწყებაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner