logo_geo
eng_logo
გაიოზ ჯეჯელავა - სახიფათო შემტევი და 66 გოლის ავტორი
- +

9 თებერვალი. 2020. 23:57

 

 

გაიოზ ჯეჯელავა - დაიბადა 1914 წლის 29 დეკემბერს, თბილისში. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მარჯვენა გარემარბისა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. 1936-37 წლებში - თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო 1937-48 წლებში თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა.

 

საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939 და 1940) და ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი (1946 და 1947). სსრკ-ს თასის ფინალისტი - 1946 წ. ჯეჯელავამ „დინამოს“ მაისურით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, 145 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი შეაგდო.

 

ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც იშვიათი ტაქტიკური და საგოლე ალღოს მქონე მაღალტექნიკურმა და მეტოქეთათვის უაღრესად სახიფათო შემტევმა. გამოირჩეოდა მაღალი სასტარტო სისწრაფით, თავბრუდამხვევი დრიბლინგითა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. ფლობდა ძლიერ და ზუსტ დარტყმას. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ითვლება.

 

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობას აგრძელებს და 1949 წელს, მუშაობას 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროს მწვრთნელად იწყებს, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თავად გახლავთ.

 

ჯეჯელავა იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორისაა, რომელმაც თავი მწერლის ამპლუაშიც მოსინჯა. ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერისას, მისი ავტორობით 1947 წელს, ორი წიგნი გამოვიდა - „ქართველი ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში“ და „მოძრავი თამაშობანი ფეხბურთელთათვის“.

 

არის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946 წ.); საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1974 წ.); წითელი ვარსკვლავის ორდენის (1946); შრომის წითელი დროშისა და სამგზის საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი.

 

გაიოზ ჯეჯელავა 2005 წლის 16 მარტს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner