logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: სიძულვილით სავსე გულით სამშობლოს სიყვარული შეუძლებელია
- +

19 ნოემბერი. 2019. 02:51

 

ვუსმენ ტრიბუნაზე ასულ ახალგაზრდებს და შიში მიპყრობს. ნუთუ, თქვენში ამხელა აგრესია ჩაბუდებულა? ნუთუ, სიძულვილს დაუპყრია თქვენი გულები? ამ სიძულვილით სავსე გულით სამშობლოს სიყვარული შეუძლებელია!!!
 

სამშობლო ცალკე აღებული უსულო საგანი არ არის, სამშობლო არის შენი ხალხი, შენი ოჯახი, შენი მეზობელი, მეგობარი, თუნდაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე. ჩვენმა თაობამ, რაც ვნახეთ და გამოვიარეთ, ის რომ თქვენ გამოგევლოთ, მაშინ კიდევ გავიგებდი თქვენს ამ აგრესიას, პროტესტს სრულიად სამყაროსადმი. გიყურებთ და ძალიან ვეჭვობ, რომ შეძლებდით 9 მარტის, 9 აპრილის, სამოქალაქო ომის გადატანას, გაყინული აუდიტორიებისა და ბიბლიოთეკების ატანას. სასწავლებლიდან სახლამდე და პირიქით, ფეხით სიარულს... შეძლებდით კი, იმის გაძლებას, რასაც ჩვენ გავუძელით თქვენს ასაკში? და, ყველაფრის მიუხედავად, სიძულვილისთვის დრო არ გვრჩებოდა, ყველაფრის მიუხედავად, გვეიმედებოდა ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავალი.

ვერ მომინელებია 90-იან წლებში, ზუსტად მაგ ადგილას, სადაც დღეს დგახართ, გაჩაღებული სამოქალაქო ომი, ალბათ, ვერც ვერასდროს მოვინელებ.  ის, ერთმანეთის სიძულვილითა და განდიდების მანიით შეპყრობილი მამების თაობის დამსახურება იყო. იქნებ ამიტომაც არის, რომ ყოველი ბარიკადი, ყოველი დაპირისპირება, სიძულვილის თუნდაც მცირე ჩანასახი განგაშის ზარივით ჩამესმის. ახლა, ჯერი თქვენზეა, შვილებო? ახლა თქვენმა თაობამ უნდა ჩაგვაგდოს განსაცდელში? დამშვიდდით! არჩევნების ბედი არ წყდება ქუჩაში, მისი ადგილი საარჩევნო ყუთთან არის. პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს, თქვენი ემოციებით მანიპულირებენ, ხვალ, პროპორციული სისტემით მოხვდებიან დეპუტატის სავარძელზე თუ მაჟორიტარულით, ამაში კი არ არის პრობლემა, პრობლემის სათავე გაღატაკებული პოლიტიკური სპექტრია. მათ ნდობა დაკარგეს ჩვენში და ახლა თქვენში სურთ რეიკარნაცია. არც კოალიციური მთავრობაა გამოსავალი. ამ შემთხვევაში მუდმივი კრიზისის პირობებში მოგვიწევს ცხოვრება, ხართ კი, ამისთვის მზად, ახალგაზრდებო?


"არავის უნდა რევოლუცია, მაგრამ ეს მოხდება" - ამბობს ალეკო ელისაშვილი. "რევოლუციური სცენარები ასე არ იგეგმება, რევოლუციას ხელისუფლება ჩალიჩობს და გაიჩალიჩებს" - დასძენს მიშა მშვილდაძე და ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე ახალი დეკორაციები ჩნდება: რკინის კასრები, შეშა, ცეცხლი, ქვიშის ტომრები, აგურები, სამშენებლო ნარჩენები და შენდება ბარიკადები. რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს ქართველი ბარიკადების ორივე მხარეს?! მერამდენედ უნდა იქცეს ხალხი ბრმა იარაღად პარტიული ლიდერების ხელში?! ...და ტრიალებს საქართველო მოჯადოებულ წრეზე. არაფერი იცვლება, პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლის სტრატეგიის გარდა...
 

სულ ცოტა ხნის წინათ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა ნინო ბურჯანაძე ნაციონალების გვერდით თუ დადგებოდა. გუშინ, "ბელა ჩაოს" მიშას გასაბრაზებლად რომ უკრავდა, დღეს მისი "ბელა ჩაო" "მიშა მაგარიას" გვერდით, ერთ რეპერტუარში გვესმის. მათგან ვერ ისწავლით სამშობლოს სიყვარულს...

რუსთაველის გამზირზე დღეს მიმდინარე აქცია, რადიკალურად განსხვავდება პროტესტის იმ ფორმისგან, რაც ამ ადგილს, ტრადიციულად უნახავს. აქციის მონაწილეები აგრესიას ავლენენ თავიანთი თანამოქალაქეების მიმართ, მოუწოდებენ პოლიციას: დააკავონ! დააპატიმრონ! და ვინ? ის ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას გამოხატავენ. მოქალაქეებს შორის კონფლიქტის რამდენიმე შემთხვევა პოლიციამ ასე თუ ისე, აღკვეთა. განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეები გაიყვანეს ოპოზიციის ამ ჯგუფის აქციიდან, მაგრამ რა გვესმის პირდაპირი ჩართვებისას? აქტივისტები ბრაზობენ, - რატომ არ იჭერს პოლიცია?! რატომ არ აპატიმრებს მათსავით რიგით მოქალაქეებს? "დაიჭირე!", "დააპატიმრე!" - ასე, რატომ გიადვილდებათ? თქვენ, თქვენივე თანამოქალაქეების გაუბედურება გინდათ თუ არჩევნები? იქნებ, სრულებითაც არ იცით, რას ითხოვთ, ან რატომ ითხოვთ!?


თქვენში არის პროტესტი და უნდა იყოს კიდეც. არ შეიძლება ადამიანი თვითკმაყოფილებას მიეცეს, მაგრამ პროტესტი გააზრებული, გათავისებული უნდა იყოს და არა ნაკარნახევი, მოდური, რომ იტყვიან ფეხის ხმას აყოლილი. იქნებ დაფიქრდეთ, თქვენთვის რა იცვლება - არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება თუ შერეულით? ვინც არ მოგწონთ, მას ხომ, მაინც არ მისცემთ ხმას? მთავარია არჩევნები სამართლიანი იყოს, თითოეული ხმა იყოს გარანტირებულად დაცული, რომ შენი პოლიტიკური პოზიციის გამო, არავინ გაშინებდეს, არავინ გემუქრებოდეს!

 

ჩვენ ის თაობა ვართ, საპროტესტო აქციიდან აქციამდე რომ ვიზრდებოდით. თაობა, რომლებმაც გავიაზრეთ, რომ აგრესია, ძალადობა, შევარდნა, შეჭრა, არ არის პოლიტიკური ბრძოლის სწორი გზა. ამ ოპოზიციას 20 ივნისის გამოცდილება რომ არ ჰქონდეს თვალწინ,  სახელმწიფოს ძლიერი ხელი რომ არ ეწვნიათ, დღესაც მიიტანდნენ იერიშს პარლამენტის შენობაზე. მაგრამ თქვენ, რატომ უნდა აღმოჩნდეთ ბარიკადების ერთ ან მეორე მხარეს? თქვენ უნდა იყოთ იქ, სადაც სამშობლოს ინტერესებია, სამშობლოს გულისცემას უნდა გრძნობდეთ, ეს კი მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი. ერთმანეთის სიძულვილით სამშობლოს სიყვარული შეუძლებელია!

 

 

right_banner
არქივი
right_banner