logo_geo
eng_logo
თომას ედისონი და მისი გამოგონებები
- +

5 ოქტომბერი. 2020. 17:27

 

 

 

 

როდესაც საუბარი ეხება გამოგონებებს, შეუძლებელია, არ ვახსენოთ თომას ალვა ედისონი,

ადამიანი, რომლის სახელიც ბევრისთვის სიტყვა „გამოგონების“ სინონიმად იქცა. იგი

 ნამდვილი ამერიკელი გახლდათ, როგორც ბიოგრაფები მას აღწერენ და საქმისადმი

ამერიკული მიდგომა ახასიათებდა. ედისონმა შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა მისმა

კონკურენტმა: ერთმანეთს იდეალურად დაუკავშირა გამომგონებლური და ბიზნესის კეთების

ნიჭი. ამ უკანასკნელში კი იგი ტოლს არ უდებდა მისი ეპოქის საქმოსნებს.

 

 

 

ედისონი 1847 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში. ადრეული ასაკიდანვე სმენის პრობლემები

შეექმნა, თუმცა, ამან მას ხელი არ შეუშალა მოგვიანებით ხმასთან დაკავშირებული

გამოგონებები განეხორციელებინა. მისი გამომგონებლური კარიერა იწყება ნიუ-ჯერსის

შტატში, ნიუ-არკში, სადაც იგი ტელეგრაფთან დაკავშირებულ მოწყობილობებზე მუშაობდა,

თუმცა, სახალხო აღიარება პირველად მას ფონოგრაფის შექმნამ მოუტანა 1877 წელს.

 მართალია, ფონოგრაფის მის მიერ შექმნილი პირველი მოდელები მეტად დაუხვეწავი

გახლდათ, თუმცა, იმ დროისათვის ეს მეტად არარენტაბელური გამოგონებაც კი ჯადოქრის

იმიჯს სძენდა ედისონს. ცილინდრზე დახვეული თუთიის ფოლგაზე გაკეთებული ჩანაწერი

მხოლოდ რამდენჯერმე შეიძლებოდა დაკრულიყო, ამის შემდეგ ხმის ხარისხი კიდევ უფრო

ეცემოდა და საბოლოოდ ჩანაწერის დაკვრა შეუძლებელი ხდებოდა. მომდევნო წელს მანვე

მიიღო პატენტი ფონოგრაფის გამოგონებაზე. პატენტებს უდიდესი ადგილი ეკავა მის

ცხოვრებაში, მისტერ ედისონმა საკუთარი გამომგონებლური კარიერის განმავლობაში 1093

პატენტის მოპოვება შეძლო. მეცხრამეტე საუკუნის ეს პერიოდი ტექნოლოგიურ-სამეცნიერო

კუთხით ოქროს ხანა გახლდათ და ფაქტიურად, მეცნიერები და გამომგონებლები ერთმანეთის

მიყოლებით ქმნიდნენ ახალ და ახალ მოწყობილობებს, აპარატებს და სხვ. ყველა ცდილობდა

სხვისთვის დაესწრო პატენტის მიღება. ამ მხრივ ედისონი რეკორდსმენი გახლდათ.

 

 

ტექნოლოგიები ვითარდებოდა და ადამიანებიც უფრო და უფრო მეტ კომფორტს

საჭიროებდნენ. სანთლისა და გაზის შუქი უნდა ჩაენაცვლებინა ელექტროგანათებას.

თანამედროვე ნათურის წინაპარი ედისონამდე უკვე არსებობდა, თუმცა მან მოახერხა მისთვის

კომერციული სახის მიცემა. ედისონმა დახვეწა ჩვეულებრივი შუშის ნათურა და 80-იან

წლებში პირველი ექსპერიმენტიც ჩაატარა. მისმა შექმნილმა მოდელმა ცამეტ-ნახევარი საათი

იმუშავა. ამან ედისონს უბიძგა, განეგრძო ცდები და მოგვიანებით პატენტიც მიეღო. ედისონმა

საკუთარი ელექტროკომპანიაც დააარსა, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო მეტად

განვითარდა და საბოლოოდ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის დისტრიბუციის

ფუნქციაც შეითავსა. თომას ედისონს სწამდა, რომ მომავალი მუდმივ დენს ეკუთვნოდა, თუმცა

ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ მისი თანამედროვეები, განსაკუთრებით კი დიდი სერბი

გამომგონებელი და მეცნიერი ნიკოლა ტესლა. ტესლასა და ედისონის დაპირისპირებაზე

უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა დღეისათვის დამკვიდრებული მოსაზრებებით

ედისონი საკუთარი მეცნიერული და გამომგონებლური ნიჭით ბევრად ჩამოუვარდებოდა

 სერბი მეცნიერის გენიას, რომელიც წინა პლანზე მეცნიერულ გათვლებს აყენებდა და

კომერციალიზაციაზე და ალღოზე ნაკლებ იმედებს ამყარებდა. საბოლოოდ ცდებმა

დაამტკიცა, რომ ცვლადი დენი ბევრად უფრო საიმედო გახლდათ დიდ მანძილებზე

გადასაცემად. ბიოგრაფები ხშირად ადანაშაულებენ ედისონს ტესლასადმი უსამართლო და

არაპატიოსნურ მოპყრობაში. ფაქტია, რომ თუ ტესლასთვის მთავარი იყო მეცნიერების

მეშვეობით სიკეთე მოეტანა კაცობრიობისათვის, ედისონი წინა პლანზე მერკანტილურ

მოსაზრებებს უფრო აყენებდა.

 

მეოცე საუკუნე ედისონისთვის ორმხრივი ტელეგრაფის და კინეტოსკოპის გამოგონებით

აღინიშნა. ამ პერიოდში უკვე ასაკში შესული გამომგონებელი არ წყვეტდა ბიზნეს საქმიანობას

და აქტიურად აკონტროლებდა მისსავე დაარსებულ რამდენიმე კომპანიას. აღსანიშნავია, რომ

დღეს არსებული ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია General Electric სწორედ მისი

დაარსებულია. თომას ალვა ედისონი 1931 წელს გარდაიცვალა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner