logo_geo
eng_logo
პროკურორი: ერთ-ერთ არქივში აღმოჩენილი ალბომი აჩენს კითხვებს, გარკვეულ პირთა წრე დაინტერესებული იყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუკები არ აღმოჩენილიყო
- +

15 ოქტომბერი. 2020. 13:35

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს არ გამორიცხავს იმ მოცემულობას, რომ გამოძიება ვალდებულია, გადაამოწმოს სხვადასხვა გარემოება“, - ამის შესახებ საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოძიებამ არაერთ საარქივო დაწესებულებას, მიმართა თხოვნით, რომ მოეძიებინათ კარტოგრაფიული მასალა.

 

„ცნობილია, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩვენ არაერთ საარქივო დაწესებულებას, საქართველოს ტერიტორიაზე, მივმართეთ თხოვნით, რომ მოგვეძიებინა ის კარტოგრაფიული მასალა, რაც უკავშირდებოდა გამოსახულების შემთხვევას. ჩვენ მიერ ერთ-ერთ არქივში აღმოჩენილ იქნა ალბომი, რომელსაც თან პირველ ფურცლად ახლავს აღწერა, რომელშიც მითითებულია, რომ მის კონკრეტულ გვერდზე უნდა იყოს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა მასშტაბით 1:200 ათასი. როდესაც ამ კონკრეტულ გვერდზე გადაშლით, ეს რუკა ამ ალბომიდან ამოხეულია. ეს გარკვეულ წილად აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, რომ გარკვეულ პირთა წრე დაინტერესებული იყო, რომ რუკები საქართველოს ტერიტორიაზე არ მოძიებულიყო და არ აღმოჩენილიყო. ამ ეტაპზე გაგვიჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა, ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება და შესაბამისი სტანდარტის შექმნისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner