logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გოგინავა: ყირიმ-კონგოს ცხელებას გაცილებით მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ვიდრე კორონავირუსს!
- +

30 ივნისი. 2020. 18:35

 

 

არსებობს მთელი რიგი ინფექციური თუ ვირუსული დაავადებები, რომელთა დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ფატალური შედეგი გარდაუვალი ხდება. ასეთ დაავადებათა რიგს მიეკუთვნება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. სამწუხაროდ, ინფექციით ინფიცირების შემთხვევებმა წელს განსაკუთრებით მოიმატა და რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ, როგორია დაავადების სიმპტომები და მისი პრევენციის გზები? - აღნიშნული საკითხის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება.

- ბატონო ალექსანდრე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ფატალურად დასრულდა...

 

- უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება არის საკმაოდ სერიოზული დაავადება და აქვს საკმაოდ მაღალი ლეტალობა — ინფიცირებულთა 10-დან 35 პროცენტი. წინა წლების მონაცემებით, სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალი იყო, რადგან დროულად ხდებოდა დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, წელს იმატა.

 

- და მაინც, რამ განაპირობა მაღალი სიკვდილიანობა? კორონავირუსი ხომ არ გახდა ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორი აღნიშნული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მკურნალობის დაწყების საქმეში?

 

- გარკვეულწილად მსოფლიო პანდემიის პრობლემამ მოადუნა ხალხი. ადამიანები მხოლოდ კორონავირუსზე საუბრობდნენ, სხვა დაავადებებმა კი უკანა პლანზე გადაინაცვლა. კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, რომელიც თავისთავად ძალიან აქტუალურია, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა უმნიშვნელოვანესი დაავადებები. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაში შედის. გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე ტკიპები, რომლებიც ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ამიტომ  არ არის რეკომენდებული მიწაზე საფენის გარეშე ჯდომა. საველე სამუშაოების შესრულების ან ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანისამოსის და სხეულის დათვალიერება.

 

- რა სიმპტომები ახასიათებს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას და ტკიპის კბენიდან რამდენ დღეში იწყება აღნიშნული ჩივილების გამოვლენა?

 

- დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას — 5-6 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ასევე ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლი შარდში), ჩაწითლებული თვალები... სიმპტომები თანდათან უფრო გამოკვეთილი ხდება, ამიტომ დროულად დაწყებულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ წლების განმავლობაში ყირიმ-კონგოს ცხელებით და ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. მივმართავ განსაკუთრებით ენდემურ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ყურადღებით იყვნენ. თუკი ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს შენიშნავენ, დაუყოვნებლივ მიმართონ რაიონის ექიმს და მობრძანდნენ ინფექციურ საავადმყოფოში. აგვისტოს ბოლომდე საყურადღებო პერიოდი გვიდგას!

 

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც ტკიპამ უკბინა და ძირითადად საქართველოს რომელ კუთხეში არიან გავრცელებული დაავადების გადამტანები ტკიპები?

 

- სხეულზე ტკიპების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა მათი მოცილება ზეთში დასველებული ტამპონის მეშვეობით. ამ დროს ტკიპებს ეკვრებათ სუნთქვა, თვითონვე შლიან ხორთუმს და ქვემოთ ვარდებიან. ხელით მოცლის შემთხვევაში მათი ხორთუმი რჩება კანში და ტკივილის გარდა იწვევს ანთებით პროცესს.

 

ენდემურ კერებს წარმოადგენს სამხრეთ საქართველო და შიდა ქართლი - ხაშური, გორი, სამცხე-ჯავახეთი და თბილისი. თუმცა, ერთეული შემთხვევები გვაქვს სხვა რეგიონებიდანაც. მაგალითად: რაჭიდან, იმერეთიდან, კახეთიდან და ა.შ. მივმართავ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც რისკის ზონაში ცხოვრობს: თუ მათ სხეულზე შენიშნეს ტკიპა, აუცილებელია მისი მოცილება დაუყოვნებლივ! ხდება ისეც, რომ ტკიპა თავად სცილდება კბენის შემდეგ ადამიანს. ზოგიერთს კი არც ახსოვს, როდის უკბინა ტკიპამ. სწორედ ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, სიმპტომების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება, რათა პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს უახლოეს ჯანდაცვის ცენტრს, მოხდეს მისი დათვალიერება, ანამნეზის შეკრება და ანალიზების გაკეთება.

 

- ყირიმ-კონგოს ცხელება მხოლოდ ტკიპის ნაკბენით გადადის თუ ადამიანიდან ადამიანსაც შეიძლება გადაედოს?

 

- თუკი დაინფიცირებული ადამიანის სისხლი მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვანზე, ის შეიძლება დაინფიცირდეს. სხვათაშორის, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მედპერსონალმა, როდესაც პაციენტს უკვე ჰემორაგიული, ანუ სისხლდენის ფაზა აქვს დაწყებული. როგორც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ ექიმები სპეციალური ეკიპირებით, ისევე უნდა იმუშაონ ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევაშიც. ერთხელ ჩვენს კლინიკაში პაციენტისაგან დაავადება გადაედო უმცროს ექიმს. მივმართავ ჩემს კოლეგებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები ინფიცირებულ ავადმყოფებთან კონტაქტისას. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ყირიმ-კონგოს ცხელებით პაციენტები სხვა კლინიკაშიც მოხვდნენ. სხვათაშორის, ჩვენთან მკურნალობდა სხვა კლინიკის მედპერსონალი, რომელსაც დაავადება გადაედო პაციენტისგან. ყირიმ-კონგოს გაცილებით მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ვიდრე კორონავირუსს!

 

- როგორ უნდა იყოს შეცვლილი სისხლის ანალიზში სურათი, რომ ექიმმა ყირიმ-კონგოზე მიიტანოს ეჭვი?

 

- თუკი ჩამოთვლილ სიმპტომებსა და ჩივილებს ემატება სისხლის ანალიზში თრომბოციტოპენია, ანუ თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი კლება, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პაციენტის გადმოყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც დროული მკურნალობის დაწყების შემთხვევაში ყირიმ-კონგოს მსგავს ვერაგ დაავადებას ინფექციური საავადმყოფოს ექიმები წარმატებით ამარცხებენ!

 

- რას ურჩევთ ენდემურ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს?

 

- სასურველია, მაღალი რისკის ზონებში მოხდეს შინაური საქონლის ტკიპების წინააღმდეგ დამუშავება, რამდენადაც ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა კი, როგორც მოგახსენეთ, დაავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის ნაკბენია, რომელიც ჯერ საქონელს ეტანება. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან.

 

- დაბოლოს, დიდ მადლობას მოგახსენებთ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციაში გაწევრიანებისა და ჩვენი მკითხველისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისათვის!

 

- პირიქით, დიდი მადლობა თქვენ და გაზეთ „ასავალ-დასავალს“ უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობისა და საინფორმაციო მხარდაჭერისათვის! ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მხრიდან, ჩავიდეთ ენდემურ კერებში და მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც გარემოში შეიძლება, დაემუქროთ. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მომავალი თაობებისათვის ჯანმრთელი მომავლის შექმნას მოახმარონ! რატომღაც ინფექციური საავადმყოფო ყურადღების ცენტრში მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოექცა, მაშინ, როდესაც ჩვენს გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ექიმებს კოვიდამდეც მრავალი ადამიანის სიცოცხლე უხსნიათ!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner