logo_geo
eng_logo
თემურ ქველიძე: სახლის პირობებში ბოსტნეულის დაკონსერვების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!
- +

7 ივლისი. 2020. 19:21

 

 

ზაფხული განსაკუთრებით აქტიური სეზონია დიასახლისებისათვის, ვისაც ზამთრისთვის კონსერვებისა და მწნილეულის შენახვა იზიდავს. რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება შეუქმნას დაკონსერვებულმა პროდუქტმა თქვენს ჯანმრთელობას და რა კავშირშია აღნიშნულ პროდუქტთან მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება ბოტულიზმი, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ნაწლავთა ინფექციების განყოფილების გამგე, ინფექციონისტი თემურ ქველიძე გვესაუბრება.

 

- ბატონო თემურ, რას წარმოადგენს ბოტულიზმი და რა უნდა იცოდნენ დიასახლისებმა, რომელთა დიდი ნაწილი ზაფხულის სეზონზე ზამთრისთვის კონსერვებს ინახავს?

 

- ბოტულიზმის ტოქსინი ბიოლოგიურ იარაღად არის აღიარებული! მისი გამომწვევი ჩხირი ნიადაგსა და მდინარის შლამში გვხვდება. აქედან გამომდინარე, თუკი აღნიშნული ჩხირით დაბინძურებული ნიადაგი შეჰყვა მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, რომელიც შემდეგ უჰაერო სივრცეში მოხვდება, იგი გადადის ვეგეტატიურ ფორმაში და გამოყოფს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ შხამს — ბოტულიზმის ტოქსინს.

 

- ანუ გაურეცხავი ხილის ან ბოსტნეულის მიღებით, რომელიც დაბინძურებულია ბოტულიზმის ჩხირით, დაავადება არ დაგვემართება?

 

- არა. გაურეცხავი პროდუქტის მიღებით, შესაძლოა, სხვა ნაწლავური ინფექცია დაგვემართოს, მაგრამ არა ბოტულიზმი. იმისათვის, რომ ბოტულიზმის ჩხირი გახდეს საშიში ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ის უნდა მოხვდეს უჰაერო — ანაერობულ სივრცეში. ბოტულიზმის ტოქსინის წარმოქმნას ხელს უწყობს სათანადო  ტემპერატურა, სიმჟავის გარკვეული დონე და, რაც მთავარია, ანაერობული (უჟანგბადო) პირობები. ასეთი გარემო შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და სხვა. რადგანაც  ტოქსინის  დაგროვებას დრო სჭირდება, ახალდამზადებული პროდუქტები ნაკლებად სახიფათოა. ძირითადად ბოტულიზმის ტოქსინი უფრო ხშირად გვხვდება ბოსტნეულის კონსერვებში ან მოხუფულ ქილაში მოთავსებულ მწნილეულში.

 

- თქვენ ახსენეთ, რომ ბოტულიზმის ჩხირი არსებობს მდინარის შლამში. შესაძლოა, თევზის კონსერვი გახდეს ჩვენი ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლის მიზეზი?

 

- რასაკვირველია, და არამარტო თევზის კონსერვი, არამედ სათალიც საკმაოდ საშიში პროდუქტია ამ კუთხით. თუკი თევზის დაზიანებულ რბილობზე მოხვდა შლამი, რომელიც დაბინძურებულია ბოტულიზმის ჩხირით, გამოყვანის შედეგად ჩხირი გადავა ვეგეტატიურ ფორმაში, დაიწყებს ტოქსინის გამომუშავებას და სათალი გახდება უკიდურესად საშიში პროდუქტი. კომუნისტების დროს, როცა მოსახლეობა მასობრივად მოიხმარდა სათალს, ძალიან ხშირი იყო ბოტულიზმით ინტოქსიკაციის შემთხვევები. მაგალითად, 80-იან წლებში არაერთი ქორწილის სტუმრები მოხვდნენ ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წითელ ხიდზე გაიყიდა სათალის დიდი რაოდენობა და სწორედ ეს პარტია იყო დაბინძურებული ბოტულიზმის ტოქსინით. სამწუხაროდ, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ კუთხით საშიშია ასევე ე.წ. ლუდის თევზი.

 

- დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენ ხანში იწყება სიმპტომები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ბოტულიზმის საფრთხე?

 

- სიმპტომების გამოვლენა და დაავადების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით დაბინძურებული საკვები მიიღო ადამიანმა. თუკი დიდი რაოდენობით ტოქსინი მოხვდა ორგანიზმში, რასაკვირველია, უფრო სწრაფად და მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ბოტულიზმი უმძიმესი  დაავადება გახლავთ, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. დაავადების განვითარება დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის რაოდენობაზე და მერყეობს რამდენიმე საათიდან  ერთ დღემდე. დამახასიათებელია სისუსტე, პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, მხედველობის დაბინდვა და თვალის ქუთუთოების დამბლა. ეს სიმპტომები საკმარისია იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ინფექციურ საავადმყოფოს. თუკი აღნიშნული ჩივილები დაგეწყოთ დაკონსერვებული ბოსტნეულის, მწნილეულის, სათალის ან თევზის კონსერვის მიღების შემდეგ, ეჭვი სწორედ ბოტულიზმზე უნდა მიიტანოთ. ზოგჯერ აღინიშნება ასევე მუცლის ყრუ ტკივილი, ფაღარათი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება.

 

- რამდენად მაღალია ბოტულიზმით სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

 

- სამწუხაროდ, სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია. მძიმე შემთხვევებში ბოტულიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფის დაღუპვა რამდენიმე საათში, ვინაიდან მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს კუნთების სრულ დამბლას.

 

- რამდენად ეფექტურია მკურნალობა და აღდგება თუ არა სრულად კუნთების დინამიკა გამოჯანმრთელების შემდეგ?

 

- კლინიკაში შემოყვანისთანავე ავადმყოფს უკეთდება ანტიბოტულინური შრატი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში ცირკულირებადი ტოქსინის დაბლოკვა-განეიტრალებას. როგორც წესი, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში პაციენტის დაღუპვის მიზეზი ხდება სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ნეკნთაშუა და დიაფრაგმის კუნთების პარალიზებით. სწორი და დროული დახმარების შემთხვევაში ტოქსინის განეიტრალების შემდეგ სრულად აღდგება კუნთების ფუნქცია, ვინაიდან ბოტულიზმის ტოქსინით გამოწვეული კუნთების პარეზი შეუქცევადი არ გახლავთ.

 

- რას ურჩევთ დიასახლისებს, რომლებიც აქტიურად ინახავენ ქილებში კონსერვებსა თუ მწნილეულს?

 

- მინდა, გითხრათ, რომ სახლის პირობებში ბოსტნეულის დაკონსერვების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ამის გაკეთებას არავის ვურჩევ. ბოტულიზმის გამომწვევი ჩხირი შესაძლოა, ერთი პარტიის კონსერვებიდან მხოლოდ ერთ ქილაში აღმოჩნდეს და სწორედ ეს ქილა გახდეს საბედისწერო ოჯახისთვის, მაგრამ, თუკი მაინც მყარად გაქვთ გადაწყვეტილი კონსერვების მომზადება, მაშინ საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოსტნეული გამდინარე წყლით. განსაკუთრებით საშიშია ის ბოსტნეული, რომელიც უშუალოდ მიწას ეხება: პომიდორი, კიტრი, ჯონჯოლი, ბადრიჯანი, ღანძილი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი და ა.შ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტოქსინით დაბინძურებულ საკვებს გემო და სუნი არ ეცვლება და არც ქილის სახურავის ამობერვას იწვევს. თუმცა, როცა კონსერვი ამობერილია, უფრო მეტი შანსია, ქილაში ბოტულიზმის ტოქსინი იყოს.

 

- წამოდუღება რამდენად ეფექტურად ანეიტრალებს ტოქსინს?

 

- ტოქსინი იშლება 10-15-წუთიანი დუღილის შემთხვევაში. ამიტომ, თუკი მაინც ბინაზე კონსერვების დამზადების მომხრე ბრძანდებით, სანამ მიირთმევთ, 15 წუთი მაინც ადუღეთ ცეცხლზე.

 

- ქილაში დამწნილებული ბოსტნეულის ან ჯონჯოლის საკვებად მიღების შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?

 

- ვინაიდან მწნილის წამოდუღება შეუძლებელია, გაცილებით დიდია ტოქსინის ორგანიზმში მოხვედრის შანსი. სხვათაშორის, კახეთში ძალიან ბევრჯერ დაფიქსირებულა ჯონჯოლით მოწამვლის შემთხვევები. ვინაიდან ბოტულიზმის ჩხირი ტოქსინს გამოყოფს მხოლოდ უჰაერო სივრცეში, ვურჩევ დიასახლისებს, მწნილეული კი არ დახუფონ, არამედ ღია კასრში დაამწნილონ.

 

- რამდენად უშლის ხელს მარილი და შაქარი ბოტულიზმის ტოქსინის გამოყოფას?

 

- თუკი თევზი ან ბოსტნეული მაგრად არის დამარილებული, ნელდება ვეგეტატიური ფორმის წარმოქმნა. რაც შეეხება მურაბებსა და კომპოტებს, სიტკბო 50 პროცენტი მაინც უნდა იყოს, რომ ხელი შეუშალოს ვეგეტატიური ტოქსინგამომყოფი ფორმის განვითარებას.

 

- დაბოლოს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ შემოსულიყავით საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციაში და მონაწილეობა მიგეღოთ პროექტში „უსაფრთხო გარემო — ჯანმრთელი მომავალი“?

 

- ჟურნალისტების როლი დაავადებების პრევენციის საქმეში უმნიშვნელოვანესია! ექიმებსა და ჟურნალისტებს სწორი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიით მრავალი ადამიანის დახმარება შეუძლიათ. თუკი ჩვენი დღევანდელი სტატიით ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენთ ლეტალური შედეგისგან, ჩავთვალოთ, რომ ფედერაციის შექმნის მიზანი მიღწეულია!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

მასალა მომზადებულია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო გარემო — ჯანმრთელი მომავალი“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner