logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სიტყვა თავისუფლებამ კონსტიტუციის ფურცლებიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა
- +

2 სექტემბერი. 2016. 22:43



დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგი მადლობას უხდის მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის.


ბრეგაძე ასევე საუბრობს წინასაარჩევნო გარემოზე და აფასებს „ქართული ოცნების" მმართველობის 4-წლიან პერიოდს.



- ბატონო რატი, რა გეგმები გაქვთ, როგორც მინისტრის მოადგილეს?


- მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს  და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო ჩემი სახელმწიფოს და თანამემამულეების სამსახურში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. მაქსიმალურად შევეცდები, რომ გამოცხადებული ნდობა გავამართლო.


კონკრეტულად სამსახურეობრივ საქმიანობას, რაც შეეხება შევასრულებ იმ დავალებებს, რომელსაც მინისტრი მომცემს და ჩავერთვები არსებული პროექტების განხორციელებაში.

ამ ეტაპზე ვხვდები თანამშრომლებს, რომელთაგანაც ვღებულობ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ.  მაქვს გარკვეული მოსაზრებები და იდეები, რომლებსაც უახლოეს დღეებში დეტალურად გავაცნობ  ბატონ მინისტრს და შეთანხმების შემდგომ მზად ვარ დიასპორასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე გესაუბროთ.


-ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტით „შეხვედრა რეგიონების მედიასთან" ტელეეთერს დაუბრუნდა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება, როგორ შეხვდება ამ ყველაფერს საზოგადოება და გაითვალისწინებენ თუ არა მის რჩევებს წინასაარჩევნოდ?


- ბატონი ბიძინა ივანიშვილი  ახორციელებდა და ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს სპორტის სფეროდან დაწყებული ქვეყნის ინტერნეტიზაციით დამთავრებული. მისი თაოსნობით  დაფუძნებულმა გუნდმა დიდი გარდატეხა მოახდინა საქართველოს უახლეს ისტორიაში.


დღეს ჩვენ გვყავს  ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულებაც  ადამიანია.  საქართველოს მოქალაქეს არ მოუწევს სახლის გაყიდვა  თუ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, მას შეუძლია ხმამაღლა  გამოთქვას თავისი კრიტიკული აზრი და მის წინააღმდეგ სახელმწიფო არ იძალადებს, მას სახელმწიფო  ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში დაეხმარება და ღამის საათებში არ მოუწევს „საკუთარი სურვილით" ნოტარიუსთან მისვლა და ხანგრძლივი შრომის შედეგად შეძენილი საკუთრების უცხო პირებისათვის „ჩუქება", ის ძალიან ახლოსაა ევროპულ ოჯახის წევრობასთან.  თავმდაბლობა ხელისუფლებისათვის უცხო სიტყვათა ლექსიკონის ამოხეული ფურცლის ნაცვლად ბუნებრივ თვისებად იქცა.


ადამიანის აზრი, რომლის სახელთანაც ეს პრინციპული მიღწევები ასოცირდება, დიდ ყურადღებას იმსახურებს. ასევე, რაც უფრო მეტი გონიერი და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დემოკრატია.


 

- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა შანსები აქვთ „ქართულ ოცნებას", „ნაციონალებს"...


- მახსოვს 2011-12 წლებში რა რისკებთან იყო დაკავშირებული „ქართულ ოცნებაში" არათუ გაწევრიანება, არამედ ოფისთან ახლოს მისვლაც კი, როგორ ჩასაფრებული ელოდებოდა დაბურულ შუშებიანი მანქანა „ქართული ოცნების" ოფისებში შემსვლელსა და გამომსვლელს, ყველას გვახსოვს, როგორი ჩუმი ჩურჩულით გამოხატავდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებულები თავიანთ პოზიციებს,  როგორ „სამართლიანად" ხდებოდა აკადემიურ სფეროში პროფესორების შერჩევა, სკოლებში მწკრივად დაყენებული ბავშვები, რომლებიც ერთი კაცის სახელს სკანდირებდნენ და კიდევ უამრავი სხვა რამ რითაც არაერთმა ადამიანმა და მათ შორის ბევრმა ტრაგიკულადაც იგრძნო სახელმწიფო აპარატის  მტკივნეული რკინის ხელი.  მთავარი სხვაობა 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ დღეს საარჩევნო კამპანიას ახასიათებს სრული თავისუფლება, სიმშვიდე და შესაძლებლობების სამართლიანი შეჯიბრი. დღეს კერძო პირს და ბიზნესსაც შეუძლია ისე დააფინანსოს მისთვის სასურველი პარტია რომ არ ელოდოს ფინანსური პოლიციის უცაბედ რეიდს ან კუდ-ის ხელმძღვანელობის „გულთბილ" მოკითხვას.


განსაკუთრებით აღსანიშნავი და სასიხარულოა პოლიტიკური კულტურის განვითარების მზარდი ტენდენცია. დღევანდელი ამომრჩველი  ბევრად უფრო კრიტიკული და მომთხოვნია. ამომრჩევლის „საარჩევნო მენიუც" უფრო მდიდარია, რის შედეგადაც არჩევანიც ხარისხისა სასარგებლოდ გაკეთდება. საზოგადოებისათვის საკუთარი ხედვების გასაცნობად უფრო მეტი და საინტერესო კომუნიკაციის მეთოდის გამოყენებაა აუცილებელი. ბუნებრივი გადარჩევის პროცესში კი დღევანდელი დინამიური მსოფლიოს გამოწვევებზე ადექვატური პასუხის გამცემი დარჩება. ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას. ვფიქრობ, გვეყოლება ძალიან საინტერესო, ბევრი მაღალკვალიფიციური მონდომებული ადამიანით დაკომპლექტებული პარლამენტი, რომელშიც „ქართულ ოცნებას" უმრავლესობა ეყოლება.



- შეაფასეთ ხელისუფლების 4-წლიანი მმართველობა.


- სიტყვა თავისუფლებამ კონსტიტუციის ფურცლებიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა. გვქონდა კოალიციური მმართველობა ანუ პოლიტიკური კომპრომისი რეალობად იქცა. პირველად მმართველ პარტიასა და საჯარო ხელისუფლებას შორის გაჩნდა მკვეთრი საზღვარი. ადამიანის ღირსების დაცვისა და სოციალური სახელმწიფოსაკენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. არ გვქონია ფართომასშტაბიანი ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები და კამათმა საქმიან პოლიტიკურ არენაზე გადაინაცვლა. ხელისუფლებამ გაითავისა, რომ ის მხოლოდ ხალხის პრობლემების გადასაჭრელად არსებობს. ვფიქრობ საბჭოთა ტყვეობიდან თავდაღწეული ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო ევროპულ გზას გონივრულად დაადგა და წარმატებით გაივლის იმ რთულ გეოპოლიტიკურ ინტერესთა ხეობას, რომლის ბოლოშიც დასავლური ცივილიზაციის ოჯახი გაღებული კარით გველოდება.



 

right_banner
არქივი
right_banner