logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: აზერბაიჯანული სააგენტო „ჰაქინზე“ ვერ ნახავთ პოზიტიურ ინფორმაციას საქართველოზე. ამიტომ მოსწონს მათი სტატიები ოპოზიციას
- +

21 ივლისი. 2020. 12:25

 

 

„კიდევ ერთხელ აზერბაიჯანული სააგენტოს „ჰაქინ.აზ“-ის დეზინფორმაციული შინაარსის პუბლიკაციის შესახებ. ჩვენმა სანაქებო ოპო-პოლიტიკოსებმა გააგრძელეს მავნებლური კომენტარების გაკეთება, მინიშნებებით, „თუ დამტკიცდება სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება. პირდაპირ გეტყვით, ყველა ის პოლიტიკოსი, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებთ, ხართ მავნებლები და ჩართული ხართ ძალიან სახიფათო თამაშში. თუმცა ეს თამაში აღარაა, ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, როცა ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ასეთი დაძაბული ვითარებაა, მსგავსი ცრუ სტატიები მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანისთვის კარგადაა ცნობილი და ასეთი სტატიები ბაქოსთვის სასარგებლო არ არის.

 

„გუშინ სოციალურ ქსელში გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა ამ სტატიისთვის. რატომ ჰგონია ყველას, რომ თუ პასუხის გაცემა საჭიროა, არ გაეცემა? უცვლელად გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტს, რომლის პათოსს მთლიანად ვიზიარებ და ანალოგიური შინაარსის იყო ჩემი გუშინდელი ინტერვიუც:

 

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. ეს სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“. სააგენტო „ჰაქინს" ახასიათებს გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება, მეტწილად მისი კორესპონდენტის ფრიდონ დოჩიას სტატიების გამო. ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო „ჰაქინს" მოუწია საკუთარი სტატიის კორექტირება არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

როგორც სალუქვაძე აცხადებს, საქართველოსთან დაკავშირებით „ჰაქინის" სტატიებს თუ გადავხედავთ, ვიფიქრებთ, რომ ესაა ჩვენი ოპოზიციური რუსულენოვანი სააგენტო.

 

„მარტივად შეამოწმებთ. ამისათვის გახსენით სააგენტოს საიტი, საიტის  საძიებო ველში ჩაწერეთ საძიებო ფრაზები: Грузия, Тбилиси, опозиция грузии, грузинская мечта, Фридон Дочия და მხოლოდ სათაურების გადახედვითაც ჩამოგიყალიბდებათ ტენდენციურობის განწყობა. თქვენ ვერ იპოვით რაიმე პოზიტიურ ინფორმაციას საქართველოზე. ამიტომაა ჩვენს ოპოზიციას ასე ძალიან მოსწონს ამ სააგენტოს სტატიები და მყისიერად ეხმაურებიან ჩვენს ოპო-მედიასთან ერთად ამ ცრუ სტატიებს. მერე რა, რომ ქვეყანას შეიძლება ავნოს?! და ბოლოს. ეს სტატია ღამურების თემას მაგონებს. რატომ უნდა გადავიდეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად, აქეთ მხარეს ღამურები დაილია? ან სადღაც საოკუპაციო საზღვართან სოფელში მოქალაქემ გაიგო, რომ თითო ღამურაში 5 ათას დოლარს იძლევიან და თბილისში არაფერი ვიცით ასეთი სარფიანი „ბიზნესის" შესახებ? ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რომ ასე იყოს, რა ამბავი იქნებოდა თბილისში, მთელი ქალაქი „საჩოკებით“ ირბენდა ღამურების დასაჭერად. სასაცილოა. ასეთივე აბსურდია სერბეთის მოწებება. რუსეთმა, იმდენი იარაღი მიჰყიდა აზერბაიჯანს (რამდენიმე მილიარდის) და სომხეთს (ასეულობით მილიონი დოლარის), რომ რამდენიმე დღის კი არა, რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების წარმოება მარაგების შევსების გარეშე. რუსეთის გარდა შეიარაღებას აწვდის თურქეთი, ბულგარეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები. ნეტა რა მარშრუტებს იყენებენ? აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს, სტრატეგიული თანამშრომლობის ნიშნულზეა. ჩვენ გვაკავშირებს ასევე უამრავი საერთაშორისო პროექტი. ამ ურთიერთობების შენარჩუნებაში, წესით, არა მხოლოდ თბილისი უნდა იყოს დაინტერესებული, არამედ ბაქოც. ვინ ცდილობს ამ ურთიერთობების დაზიანებას, ეს კითხვა ორთავე მხარეს თანაბრად უნდა აწუხებდეს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner