logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძე: თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა
- +

19 ივნისი. 2019. 14:27

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართალდარღვევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

 

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას შესძენს ყველას.

 

„დარწმუნებულები ვართ,  საქართველოს პარლამენტთან ერთად შემუშავდება ეფექტური კრიტერიუმები. ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას შეგვძენს ყველას, უფრო მეტად გავუფრთხილდებით თბილისს და კიდევ უფრო აქტიურად გავუმკლავდებით სამშენებლო მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

გიორგი ტყემალაძის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტულ წესებსა და ნორმებზე მუშაობა, რომლითაც შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება და იქ საქმიანობა აიკრძალება.

 

„დღეისათვის თბილისში რამდენიმე ასეული შენობაა, რომლებსაც სხვადასხვა ნაწილში  სანებართვო პირობები დარღვეული აქვთ და არ აკმაყოფილებენ ექსპლუატაციაში მიღების პირობებს. სანებართვო კანონმდებლობის გამკაცრების პარალელურად, იმისთვის, რომ იმ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ასეთ შენობებში, ერთჯერადი აქტით, მათი  ექსპლუატაციაში მიღება მოხდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებას ქალაქისთვის  დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა, რომლითაც  მომავალში  არასწორი განაშენიანების მაქსიმალური პრევენცია იქნება შესაძლებელი.

 

„ჩვენი გუნდის ძალისხმევით, თბილისის განვითარება სწორ რელსებზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ, განხორციელებული რეფორმებით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და მოქალაქეების მხარდაჭერით, თბილისი მოწესრიგებული, კომფორტული და განვითარებული ქალაქი იქნება“, -  დასძინა გიორგი ტყემალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner