top_leaderboard
left_sabechdi

ევროპის თასი მინიფეხბურთის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა და ჯგუფის ლიდერია

მინიფეხბურთის ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მეორე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდა, ფრედ (1:1) ითამაშა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე პირველ მატჩში საქართველომ თურქეთი 3:1 დაამარცხა და პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში პლეი ოფში თამაშს გაინაღდებდა.

საქართველოს ნაკრებმა რეალური საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა, პორტუგალიელებმა კი შორეული დარტყმით მე-19 წუთზე ანგარიში გახსნეს – გოლი ჟოზე ალფრედომ გაიტანა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო (22-ე წუთი), როდესაც საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა აღადგინა – პორტუგალიელებს გიორგი ნავალოვსკიმ გაუტანა. ამის შემდეგ „ჯვაროსნებს“ მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ პორტუგალიელები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთმა მასპინძელი მოლდოვა 1:0 დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით ჯგუფის ლიდერია, 3-3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს თურქეთი და მოლდოვა ინაწილებენ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას მოლდოვის ნაკრებთან 10 მაისს გამართავს და ქულის მოპოვების შემთხვევაში პლეი ოფში ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ