logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი არ დაურღვევია
- +

19 ივნისი. 2019. 15:02

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სერგეი გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული.

 

„გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი არ დაურღვევია და საქართველოს სპეციალურმა სამსახურებმა ასამბლეაში მონაწილე დელეგაციის ყველა წევრი გადაამოწმა“, - ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა  ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რაც შეეხება გავრილოვის პოლიტიკურ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველოსთვის არა მხოლოდ გავრილოვის, საერთოდ რუსეთის პოლიტიკაა მიუღებელი, რის გამოც მათთან დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს შეწყვეტილი.

 

„როგორ შეიძლება, დღეს ვინმეს უკვირდეს საქართველოში, რუსი პოლიტიკოსების განცხადებების შინაარსი. ისინი ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც პუტინი ეუბნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებაზე უარი ვთქვათ და იმის გამო, რომ რუსეთის დელეგაცია არის ერთერთი იმ 25 ქვეყნის დელეგაციას შორის, დანარჩენ 24-ს გავებუტოთ, ან ქვეყანა გადავიყვანოთ იზოლაციურ მდგომარეობაში. მე ვცდილობ ავუხსნა საზოგადოებას, რომ საქართველოს მისი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერის გამო არ აქვს საშუალება, ზემოქმედება მოახდინოს ოკუპანტზე, სამხედრო ან პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოს აქვს მხოლოდ საერთაშორისო ინსტრუმენტები, ისიც 3-დან მხოლოდ 2 ინსტრუმენტი გვიჭირავს ხელში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, დიპლომატია იყოფა სამ ძირითად ოჯახად, საერთაშორისო დიპლომატია, სახელმწიფოთაშორისი დიპლომატია და საპარლამენტო დიპლომატია.

 

„სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ არსებობს, იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. დარჩა მხოლოდ საერთაშორისო დიპლომატია და საპარლამენტო დიპლომატია. ესეც რომ არ გამოვიყენოთ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, ეს იქნება დიპლომატიაში ქაჯობა“, – თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ცნობისთვის, თბილისი პირველად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს.

 

რიგით 26-ე ასამბლეა დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება.

 

ღონისძიებაში 24 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ორგანიზაციის მიზანი, ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, რელიგიური ექსტრემიზმის შემცირება და ადამიანის უფლებების განმტკიცებაა.

 

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია არ მიიღებს, რისი მიზეზიც ასამბლეის სხდომაში რუსეთის წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობაა, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია.

 

ოპოზიციის მტკიცებით, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

 

მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსულ აგრესიაზე სასაუბროდ საქართველომ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოიყენოს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner