logo_geo
eng_logo
პარლამენტს წარედგინა კანონში ცვლილებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების გამოცდების გარეშე ჩარიცხვას შეეხება
- +

21 სექტემბერი. 2019. 17:36

 

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა, მათთვის სასურველ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს 23 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების ავტორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.

 

გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს.

 

სახელმწიფოს ეს ინიციატივა შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.

 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გამოცდებზე სულ დარეგისტრირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 201 აბიტურიენტი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემდეგ, საპროგნოზო ხარჯი მიმდინარე წელს 226.1 ათასი ლარი, ხოლო მომდევნო წელს 452.2 ათასი ლარი იქნება.

 

საქართველოს მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რათა სტუდენტთა ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე მოხდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner