logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ერთად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში
- +

19 თებერვალი. 2018. 12:52



საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა არარეალურია და ისინი, ხშირ შემთხვევაში ამ მოთხოვნასთან ერთად დანაშაულსაც სჩადიან.


„გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულის ჩადენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან და ასევე წევრი ქვეყნების სტრუქტურებთან. ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან.

ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია 6 მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ რაინ- ვესტფალიის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი და მოხდება შეთანხმება როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 

ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, ერთად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის გაცვლით და თანამშრომლობით შეგვიძლია იმ წუხილებს ვუპასუხოთ, რაც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. 220 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ძალიან დიდი პოზიტივით, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციამ მოიტანა",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner