logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას
- +

16 აპრილი. 2018. 11:16

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს, პირადად, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისთვის.

 

მისი თქმით, პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“.

 

მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner