logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი იზმირში გამართულ მინისტერიალს დაესწრო
- +

11 თებერვალი. 2019. 14:09

 

 

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში, 2019 წლის 7-10 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტი და აგროგამოფენა გაიმართა. მინისტერიალის თემას „სოფლის მეურნეობის მომავალი“ წარმოადგენდა. მინისტერიალს მსოფლიოს 14 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. 

 

მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს და  დარგში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თანამდეროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების აუცილებლობას, ახალგაზრდების ჩართულობას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და პროდუქტიულობის გაზრდას. მინისტრმა ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ძირითად პროგრამებსა და პროექტებზე გაამახვილა.

 

„თანამედროვე მსოფლიოს წინაშე სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ხარისხიანი, უვნებელი და ჯანსაღი სურსათის მიწოდებაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ერთი ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი არ არის; აუცილებელია, მდგრადი განვითარების პრინციპების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, სახელმწიფოებმა გააერთიანონ ძალისხმევა უკეთესი შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრიორიტეტად არის გამოცხადებული მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის პრინციპების დაცვით, სოფლის მეურნეობის დარგის მდგრად განვითარებას.

 

ვიზიტის ფარგლებში,  ორმხრივი შეხვედრა გაიმართა თურქეთის სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრთან, დოქ. ბექირ ფაქდემირლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების გაცვლას და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×