logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი ვარშავაში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით ეუთო-ს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
- +

18 სექტემბერი. 2019. 18:01

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი ვარშავაში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა:

 

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღებიდან  ოთხი ათეული წლის შემდეგ, ადამიანის უფლებები და  უსაფრთხოება  კვლავ დიდ  გამოწვევას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გვაქვს დაღმავალი ტენდენციებიც“, - აღნიშნა წერეთელმა.

 

მისი განცხადებით ეუთო-ს ბევრ ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი ფუნქციონირებაც შეზღუდულია. შესაძლოა ხელისუფლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული პოზიცია მოსაწონი არ იყოს, თუმცა ეს არ უნდა შეფასდეს როგორც საფრთხე, არამედ ხშირ შემთხვევაში როგორც პრობლემებზე არასწორი რეაგირების შედეგი.

 

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ეუთო ფოკუსირებულია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით ყირიმსა და დონბასის რეგიონში, მაგრამ უკრაინა არ არის ეუთოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა კონფლიქტისა და ოკუპაციის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება:

 

„თქვენთვის ცნობილია ჩემს სამშობლოში, საქართველოში არსებული ვითარება, სადაც უკანონო, ე.წ. „სასაზღვრო ზოლის“ გავლებისა და ოკუპანტების მხრიდან სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია თუ საფრთხე  გაუსაძლისს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მართებთ, ეფექტურად იმოქმედონ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად“, -განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

გიგი წერეთელმა ისაუბრა მედიათავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებზე. როგორც მან აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება არის მიუღებელი და განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაგირებას მოითხოვს.

 

ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩეკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, „ოდირის“ ხელმძღვანელი ინდიგო გისლადოტირი. ღონისძიებას ესწრებიან ეუთო-ს 57 ქვეყნის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner