logo_geo
eng_logo
ვარკეთილში, ავარიული სადარბაზოს მდგომარეობაზე ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი
- +

29 სექტემბერი. 2019. 17:07

 

 

„ვარკეთილში მდებარე 322-ე კორპუსის ავარიული სადარბაზოს მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი“, – ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განაცხადა.

 

„პირველადი დასკვნის საფუძველზე პანიკა იყო შექმნილი, რომ ეს კორპუსი ინგრეოდა. კორპუსი არ ინგრევა. საშიშროება იყო 2-3 სართულის კიბის უჯრედის ჩამოშლის და მოსახლეობის უსაფრთხოების გამო მოხდა მათი ევაკუირება. გუშინ ღამის განმავლობაში გამაგრდა კიბის უჯრედი შესაბამისი საყრდენებით და მიმდინარეობს ახლა უსაფრთხოების ზონის შექმნა. დაიწყება კომპლექსური მუშაობა კორპუსის კარკასის გასამაგრებლად.

 

მოსახლეობის შეყვანა როდის მოხდება, ამას გვეტყვიან კონტრაქტორები, ვინც განახორციელებს მუშაობას. მოსახლეობა გუშინ დავაბინავეთ სასტუმროში და ვიდრე მოხდება კორპუსის გამაგრება, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსახლეობის გადაყვანას შესაბამის ფართებში ქირით.

 

მარტო მერვე სადარბაზოა ასეთი საფრთხე, დანარჩენ სადარბაზოში საფრთხე არ არის და მოსახლეობა ჩვეულებრივად ცხოვრობს. ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა კახა სამხარაძემ.

 

ვარკეთილში 322-ე კორპუსში საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რის შემდეგაც მოქალაქეებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ.

 

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია წუხელ მოხდა. დროებით სულ 18 ოჯახი გაასახლეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-დან ავარიული კორპუსის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები.

 

ადგილზე ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner